შუალედური არჩევნები 2015

შუალედური არჩევნები ძირითადი ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს

საგარეჯოსა და მარტვილის ოლქებში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები ძირითადი ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს. შედეგად, 2016 წლის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს 2 ახალი მაჟორიტარი დეპუტატი შეემატება. ორივე ოლქში მთავარი კონკურენტები მმართველი გუნდისა და პატრიოტთა ალიანსის კანდიდატები არიან.

საგარეჯოში მაჟორიტარობისთვის იბრძვიან თამარ ხიდაშელი (ქართული ოცნება), ირმა ინაშვილი (პატრიოტთა ალიანსი), ასევე საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი სამი კანდიდატი - ზურაბ ჯორბენაძე, მიხეილ ანდღულაძე და გიორგი დავითაია.

რაც შეეხება მარტვილს, აქ სულ ორი კანდიდატია რეგისტრირებული - ეთერ მეძველია პატრიოტთა ალიანსიდან და სოსო დანელია ქართული ოცნებიდან.

შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და მასში არ მონაწილეობენ როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიცური პარტიები. მათი მთავარი პრეტენზია „უსამართლო საარჩევნო სისტემასა" და არჩევნების მაჟორიტარულ კომპონენტს ეხება. აღსანიშნავია, რომ შუალედური არჩევნები 2012 წელს მიღებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე, 2012 წლის არჩევნების დროს დადგენილი საზღვრების ფარგლებში ტარდება, მაშინ, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 28 მაისს არაკონსტიტუციურად ცნო ქვეყანაში მოქმედი მაჟორიტარული სისტემის მოდელი.

საგარეჯოში სულ 50 საარჩევნო უბანი და 46 ათასზე მეტი ამომრჩეველია, მარტვილის 39 უბანზე 33 500-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 8 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

საგარეჯოში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მაჟორიტარი დეპუტატი თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრი გახდა. მარტვილის ოლქიდან არჩეული ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნაული ჯანაშია კი გარდაიცვალა.

 

კომენტარები