შუალედური არჩევნები 2015

CCD: კვლავაც აქტუალურია ე.წ. კოორდინატორების მობილიზების შემთხვევები

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CCD) ინფორმაციით, რომელიც 30 კაციანი სადამკვირვებლო მისიით აკვირდება 2015 წლის შუალედურ არჩევნებს, კვლავ შესამჩნევია ე.წ. "კოორდინატორების" მობილიზების შემთხვევები საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლებიც "ჟურნალში" კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერების აღრიცხვას აწარმოებენ. მსგავში შემთხვევები დაფიქსირდა როგორც მარტვილის, ასევე საგარეჯოს ოლქში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, დღის 11 საათამდე პროცედურული ხასიათის დარღვევები მოიცავდა საარჩევნო უბნის დაგვიანებით გახსნას, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოებას, მიღებული ბიულეტენების არასწორი რაოდენობის გამოცხადებას, ბიულეტენების წინასწარ გამზადებას, საკონტროლო ფურცლის ხარვეზებით შევსებას, მარკირების აპარატის გაუმართაობას, საარჩევნო უბანზე აგიტაციას. ჩამოთვლილი ხარვეზების უმეტესობა საგარეჯოს საარჩევნო ოლქში შემავალ უბნებზე დაფიქსირდა.

სადამკვირვებლო მისიის ცნობით, პროცედურული ხარვეზების უმეტესობა ადგილზე აღმოიფხვრა და დროისთვის საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

საგარეჯოსა და მარტვილის ოლქებში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები ძირითადი ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს. შედეგად, 2016 წლის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს 2 ახალი მაჟორიტარი დეპუტატი შეემატება. ორივე ოლქში მთავარი კონკურენტები მმართველი გუნდისა და პატრიოტთა ალიანსის კანდიდატები არიან.

ამასთან, საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება მანისის, ვანის, ხობის და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში.

კომენტარები