ბიზნეს გარემო საქართველოში

ასლი: კომპანიას, რომლის შევიწროებაზე ვსაუბრობდი, აცნობეს, რომ სუს-ი შეამოწმებს

Facebook/Fady Asly

საქართველოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი ბიზნესის შევიწროებაზე კიდევ ერთხელ საუბრობს და პრემიერ ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავს:

„გუშინ მაესტროს „ბიზნეს კონტაქტისთვის" მიცემულ ინტერვიუში ვისაუბრეთ, როგორ ავიწროებს საშემოსავლო სამსახური და ფინანსური პოლიცია ჩვენი რამდენიმე წევრს. ისინი სათითაოდ დავასახელეთ.

მოვყევით ჩვენი წევრის, შპს „გიგანტის" , 500 ათასი ლარის ოდენობის წლიური ბრუნვის მქონე უსაფრთხოების კომპანიის, ისტორია. ამ კომპანიას შემოსავლების სამსახური 8 თვის მანძილზე ამოწმებდა, სანამ 340 ათასი ლარით არ დაჯარიმდა, რაც კომპანიის წლიური ბრუნვის 70%-ია. ამასთან ერთად, კვირაზე მეტია, გაყინულია მათი საბანკო ანგარიშები, რაც კომპანიისთვის შეუძლებელს ხდის თვის ბოლოს 70 თანამშრომლისთვის ხელფასების გადახდას.

როგორც ჩანს, თქვენი მთავრობა გაბრაზდა, როდესაც მე შევიწროვებაზე ვისაუბრე და ამ დილით „გიგანტს" აცნობეს, რომ მათ შეამოწმებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მეტი ზიანისთვის, გენერალური მენეჯერის სტუდენტი შვილი ჯარში გამოიძახეს კანონის აშკარა დარღვევით.

ჩემი კითხვა შემდეგია: რამდენიმე დღის წინ თქვენ ამტკიცებდით, რომ საქართველოში ბიზნესი სრულიად თავისუფალია, ამ თავისუფლებაზე საუბრობდით?" - მიმართავს ფადი ასლი პრემიერს.

შემოსავლების სამსახურის მიერ კომპანიების ანგარიშების გაყინვასა და ჯარიმების დაკისრებაზე ფადი ასლიმ გადაცემა „ბიზნესკონტაქტში" გუშინ ისაუბრა. მან 8 კომპანია დაასახელა, მათ შორისაა: ალგორითმი - რომელსაც, ასლის თქმით, 2 წელიწადნახევარია შემოსავლების სამსახური ამოწმებს და საბანკო ანგარიშები გაყინული აქვს; დაცვის კომპანია "გიგანტი ლოჯისტიკი", რომეზეც საუბარია ღია წერილში; კავკასუს მოტორსი, რომლის ანგარიშები ასევე გაყინულია; ლოპოტა; შატო თელავი - რომელსაც ასევე 2 წელიწადზე მეტია, ამოწმებენ; GEO Construction, რომელიც, ფადი ასლისვე თქმით, შემოსავლების სამსახურმა გააკოტრა.

 

კომენტარები