შუალედური არჩევნები 2015

საგარეჯოში #13 და #50 უბნებზე ხმის დათვლის პროცესი ჯერ არ დასრულებულა

საგარეჯოს საარჩევნო ოლქის, უჯარმაში მდებარე #13 და მასზე მიმაგრებულ #50 უბნებზე ხმის დათვლის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ადგილზე დაძაბული ვითარებაა. იქ იმყოფებიან პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები. პერიმეტრს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

უჯარმის #13 საარჩევნო უბანზე მუხროვანის სამხედრო ნაწილის ხმები უნდა დაითვალონ. პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ხმების გაყალბებაა მოსალოდნელი. შესაძლოა, პარტიამ ამ უბნის შედეგების გაუქმება მოითხოვოს.

ცოტა ხნის წინ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა და უჯარმაში #13 უბანთან შეკრებილებს მოუწოდა, საარჩევნო ადმინისტრაციას მუშაობაში ხელი არ შეუშალონ.

"მინდა, მოვუწოდო უჯარმაში შეკრებილ პირებს და პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც საარჩევნო პროცესში იყვნენ ჩართულნი, ნუ დაძაბავენ სიტუაციას და ნუ შეუშლიან ხელს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, მითუმეტეს, რომ დღევანდელმა საარჩევნო პროცესმა საკმაოდ მშვიდად ჩაიარა. მე-13-ე უბანზე ახლა მიმდინარეობს, როგორც ამ უბნის, ისე გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბნის შედეგების დათვლა. იქ მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაცია. მინდა მოვუწოდო ყველას, ნუ შეუშლიან საარჩევნო ადმინისტრაციას ხელს და პირიქით, ხელი შეუწყონ რომ დღევანდელი არჩევნები დასრულდეს მშვიდად, ისევე როგორც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა", - თქვა თამარ ჟვანიამ.

საგარეჯოში დათვლილი 48 უბნის მონაცემებით, მმართველი კოალიციის კანდიდატი თამარ ხიდაშელი ლიდერობს. მას 6967(48.08%) ხმა აქვს მიღებული, ხოლო პატრიოტთა ალიანსიდან ირმა ინაშვილს - 6880(47.48%).

დანარჩენ პოზიციებზე კი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები არიან - გიორგი დავითაია 334(2.3%), მიხეილ ანდღულაძე 243(1.67%) და ზურაბი ჯორბენაძე 66(0.45%)

ცესკოს ინფორმაციით, მარტვილის საარჩევნო ოლქში ყველა ხმა დათვლილია და, წინასწარი მონაცემებით, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ქართული ოცნებიდან სოსო დანელია იმარჯვებს. მან ხმათა 72.54%(9620) მიიღო, პატრიოტთა ალიანსიდან ეთერ მეძველიამ კი - 27.45%(3641).

რაც შეეხება საკრებულოს შუალედურ არჩევნებს, საგარეჯოს, დმანისის, ვანისა და ხობის მაჟორიტარულ ოლქებში, წინასწარი მონაცემებით, ქართული ოცნების წარმომადგენლებმა, ზაზა ჩიხლაძემ(45.01%), მზია ნინიაშვილმა(100%), რაული ძაგნიძემ (69.11%) და მელორი გელანტიამ(73.44%) გაიმარჯვეს.

კომენტარები