შუალედური არჩევნები 2015

საგარეჯოში, სპეცუბნის დათვლის შემდეგ, ხიდაშელი ინაშვილის 3.7%-ით უგებს

თამარ ხიდაშელი, ირმა ინაშვილი


ცესკოს წინასწარი მონაცემებით, შუალედურ არჩევნებში საგარეჯოში ლიდერობს ქართული ოცნების კანდიდატი თამარ ხიდაშელი 7540 ხმით (49.5%), მეორე ადგილზეა პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი ირმა ინაშვილი - 6981 ხმით (45.83%). დათვლილია 49+1, ანუ ყველა უბანი.

დანარჩენი კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობა 3%-ს არ აღწევს.

წუხელ ღამით, სანამ ცესკო საგარეჯოს საარჩევნო ოლქის, უჯარმაში მდებარე #13 და მასზე მიმაგრებულ #50 უბნებზე ხმებს დაითვლიდა, ხიდაშელსა და ინაშვილს შორის სხვაობა უფრო მცირე იყო - ქართული ოცნების კანდიდატი პატრიოტთა ალიანსს 87 ხმით უსწრებდა.

#13 სპეცუბანზე (+#50 უბანზე), წინასწარი მონაცემებით, ხიდაშელს ხმა 573-მა ამომრჩეველმა მისცა, ინაშვილს - 101-მა.

ქართული ოცნების კანდიდატი დამაჯერებლად ლიდერობს მარტვილის ოლქში. 39-ივე უბნის წინასწარი მონაცემებით, სოსო დანელიამ ხმათა 72.5% მოაგროვა, მისმა კონკურენტმა პატრიოტთა ალიანსიდან ეთერ მეძველიამ კი - 27.5%.

რაც შეეხება საკრებულოს შუალედურ არჩევნებს, წინასწარი მონაცემებით, საგარეჯოს, დმანისის, ვანის და ხობის მაჟორიტარულ ოლქებში ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს. 

კომენტარები