ლარი

განახლებულ ლარზე ფინანსთა მინისტრის ხელმოწერა აღარ იქნება

ტაბულა

ეროვნულმა ბანკმა განახლებული დიზაინის 20, 50 და 100-ლარიანი ბანკნოტები წარადგინა. ახალი ბანკნოტები მიმოქცევაში 2016 წელს შევა და ძველი ემისიის ბანკნოტებს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს, განახლებულ დიზაინთან ერთად შიეცვალა მასზე ხელმოწერის წესიც. ლარის არსებულ ბანკნოტებზე განთავსებულია ფინანსთა მინისტრისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერები, განახლებულ ბანკნოტებზე კი ფინანსთა მინისტრის ხელმოწერა აღარ იქნება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, ეროვნულ ვალუტაზე არის იმ უწყების ხელმძღვანელის ხელმოწერა, რომელიც ფულის ემისიას ახორციელებს, საქართველოში კი ეს უწყება ეროვნული ბანკია. 

"რაც შეეხება ხელმოწერას, ნებისმიერი ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე არის მხოლოდ იმ ინსტიტუტის ხელმოწერა, რომელიც არის პასუხისმგებელი ფულის ემისიაზე. მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც ფინანსთა სამინისტრო ასევე პასუხისმგებელია ემისიაზე, არის ხაზინის ან რიგ შემთხვევებში ფინანსთა მინისტრის ხელმოწერა. ახალი დიზაინი ამ თვალსაზრისით არის სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან, ანუ ძველისგან განსხვავებით ახალ ბანკნოტზე არ არის ფინანსთა მინისტრის ხელმოწერა", - ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. 

ფინანსთა მინისტრისა და სებ-ის პრეზიდენტის ხელმოწერა 200 ლარიანზე
ფოტო: nbg.gov.ge

გიორგი ქადაგიძის ხელმოწერა 50 ლარიანზე
ფოტო: ტაბულა

20, 50 და 100-ლარიანი ბანკნოტები ეტაპობრივად გამოვა და მიმოქცევაში იქნება წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად. ლარის განახლებული ბანკნოტებზე შენარჩუნებულია მათი თავდაპირველი თემატიკა, ამავდროულად, მათზე წარმოდგენილი ისტორიები გამრავალფეროვნებულია ცალკეული ახალი ელემენტებით. განახლებული 20, 50 და 100-ლარიანი ბანკნოტების დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონიაა. 

5 და 10-ლარიანი ბანკნოტების დიზაინის განახლებას სებ-ი მოგვიანებით გეგმავს. ახალი ბანკნოტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვა საიტ ganakhlebulilari.ge-ზე არის შესაძლებელი.

კომენტარები