აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომა დასრულებულია

საგარეო საქმეთა სამინისტრო

ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტი შემაჯამებელ განცხადებას აქვეყნებს. კომისიას სახელმწიფო მდივნის მოადგილე ენტონი ბლინკენი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თავმჯდომარეობდნენ. კომისია ფოკუსირებულია ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე დემოკრატიის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის და ხალხთა შორის კონტაქტის განვითარების სფეროებში.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული, კომისია მიესალმა საქართველოს მიერ რეფორმების გატარების ძალისხმევას და აღნიშნა, რომ ეს გააძლიერებს საქართველოს ეკონომიკას, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. "ორივე მხარემ ისაუბრეს პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატებისთვის თავისუფალი და კონკურენტული გარემოს შექმნაზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ და შეთანხმდნენ ღია, პლურალისტული და დამოუკიდებელი მედიაგარემოს შენარჩუნებაზე. ორივე მხარემ დაადასტურა ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელობა", - წერია განცხადებაში.

როგორც პრესრელიზში წერია, ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების მიმართ. "აშშ მიესალმება ქართული მხარის ძალისხმევას, იმუშაოს ევროკავშირთან ერთად ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების იმპლემენტაციისთვის. მხარეებმა ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად", - ნათქვამია შემაჯამებელ განცხადებაში.

კომისიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მხარდაჭერა, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი.

კომენტარები