ნუგზარ წიკლაური და ნიკა გვარამია ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხვაზე მივიდნენ

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური და ტელეკომპანია რუსთავი ორის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ე.წ. მოდულის შენობაში გამოცხადდნენ. ისინი დაკითხვაზე ადვოკატებთან ერთად შევიდნენ.

"2-ჯერ კი არა, 22-ჯერ მოვალ, თუ უნდათ. ბოლო საუბარი ავთენტიკური არ არის. ვადასტურებ, ხმა ჩემია, მაგრამ სხვადასხვა საუბრებია გაერთიანებული და ეს არის ფაბრიკაცია. ჯანაშია ჩემი მეგობარია, მასზე უფრო კომპეტენტურს არ ვიცნობ ვინმე სხვას, ამიტომ მას მუდამ ვესაუბრები, მათ შორის, ჩემს პირად დაცვაზე", - თქვა გვარამიამ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრს და ტელეკომპანია რუსთავი ორის გენერალურ დირექტორს მოწმის სახით დაკითხავენ რუსულ სერვერებზე ატვირთულ უკრაინულ საიტზე გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით. ამ საკითხზე დღესვე დაბარებულები არიან ენმ-ის წევრები გივი თარგამაძე და კობა ხაბაზი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსულ სერვერებზე ატვირთული უკრაინული ბლოგის საფუძველზე გამოძიება 24 ოქტომბერს, სსკ-ის 315-ე მუხლით დაიწყო, რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. საიტზე გამოქვეყნებული ჩანაწერების გამო, უკვე ორ-ორჯერ დაკითხეს ენმ-ის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია და რუსთავი ორის დირექტორი ნიკა გვარამია. მათ გარდა, გუშინ სუს-მა დაკითხა სდსს-ის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია და მომღერალი სოფო ნიჟარაძე. იმის გამო, რომ უსაფრთხოების სამსახურმა საქმეს გრიფი საიდუმლო დაადო, მოწმის სახით დაკითხულები დაკითხვის შინაარსზე ვერ საუბრობენ.

კომენტარები