ხელისუფლება და ოპოზიცია

Le Monde: საქართველოს ხელისუფლების მორიგი იერიში ოპოზიციაზე

ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

ფრანგული გამოცემა Le Monde საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და ოპოზიციაზე ხელისუფლების მორიგ იერიშად აფასებს. სტატიის ავტორი ბენუა ვიტკინი რუსთავი 2-თან დაკავშირებულ დავას, წამების ვიდეოების საჯარო ჩვენებას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისების დარბევას, ფარული ჩანაწერების შინაარსს და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით დაწყებულ გამოძიებას აღწერს.

"პრემიერმა ღარიბაშვილმა, რომელიც ქვეყნის რეალური მმართველის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მარიონეტად აღიქმება, პოლიტიკისადმი ძალადობრივი მოპყრობა დაგმო და მოქალაქეებს სიწყნარისკენ მოუწოდა. თუმცა, თავად ღარიბაშვილმა მრავალი ძალადობრივი მოწოდება გააკეთა, როდესაც 22 ოქტომბერს თქვა, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას "პოლიტიკაში დარჩენის მორალური უფლება არ აქვს", - წერს ვიტკინი.

სტატიის ავტორი ღარიბაშვილის იმ ფრაზასაც იხსენებს, სადაც მან ნაციონალური მოძრაობის ოფისებზე განხორციელებულ თავდასხმებს "ბუნებრივი" უწოდა და, არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოზე დაყრდნობით, მიუთითებს, რომ ამ ძალადობაში ხელისუფლების კვალი იკვეთება.

Le Monde-ის ავტორი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანს, გიგა ბოკერიას ციტირებს, რომლის თქმითაც რუსთავი 2-ზე შეტევა რეპრესიების ახალი ეტაპია.

"ჩვენ მართლმსაჯულებაში არანაირი რწმენა არ გვაქვს. შესაბამისად, თავდაცვის მრავალ სცენარს განვიხილავთ. რაც შეეხება სააკაშვილს, ის ერთპიროვნულად გადაწყვეტილებებს არ იღებს და არც პარტიას მართავს ტელეფონით", - ამბობს ბოკერია.

სტატიაში მოყვანილია თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის ციტატაც, რომელიც ავტორს არწმუნებს, რომ ოპოზიცია ნებისმიერი ინციდენტის დევნად გასაღებას ცდილობს. "თავად ნაციონალური მოძრაობა უქმნის საფრთხეს დემოკრატიას და ინსტიტუტებს", - ამბობს ხიდაშელი.

Le Monde-ის ავტორი სტატიას დასავლელი დიპლომატის სიტყვებით ასრულებს, რომლის ვინაობასაც არ ასახელებს - "ჩვენ ის უნდა შევაფასოთ, ვინ ასხამდა ცეცხლზე ნავთს ბოლო პერიოდში. რაც შეეხება სააკაშვილს, ის შესაძლოა, ცდილობდა თავისი თანაპარტიელების აჟიტირებას, მაგრამ ამ ხაზს არავინ გაჰყოლია. ვფიქრობ, ეს უფრო ხელისუფლების პანიკას ჰგავს, რომელმაც არჩევნების მოახლოება იგრძნო და გადარჩენილი ოპოზიციის განადგურებას ცდილობს".

კომენტარები