რუსთავი 2-ის საქმე

საკონსტიტუციო სასამართლო მანანა კობახიძის ბრალდებებს პასუხობს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვიცესპიკერ მანანა კობახიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც კობახიძე ამბობს, რომ რუსთავი 2-ის სარჩელზე დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ფორსირებულად, ჩუმად და ფარულად მიიღეს. როგორც სასამართლო განმარტავს, თითოეულ საქმეს განიხილავენ იმ ვადაში, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად და ვადები განსხვავებულია სასამართლოს წინაშე წამოჭრილი საკითხის სირთულის, მნიშვნელობისა და აქტუალობის გათვალისწინებით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ განმწესრიგებელი სხდომის ზეპირი მოსმენით განხილვის აუცილებლობა არ არსებობდა.

"მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლომ, არათუ საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი, არამედ საქმე არსებითად განიხილა და გადაწყვიტა 15 დღის ვადაში საქმეზე „ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" (2006 წლის 15 დეკემბრის N1/3/393,397 გადაწყვეტილება), სადაც მოსარჩელე მხარეს, ქალბატონი მანანა კობახიძე წარმოადგენდა. საკონსტიტუციო სასამართლო დარწმუნდა რა, რომ დარღვეული იყო სამართლიანი სასამართლოსა და თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები, მჭიდრო ვადაში გადაწყვიტა საქმე, რათა მინიმუმამდე დაეყვანა ადამიანების მიმართ კონსტიტუციური უფლებების დარღვევით პატიმრობის გამოყენება.

საკონსტიტუციო სასამართლო შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში იხილავს საქმეს მაშინ, როდესაც დაყოვნების შემთხვევაში საქმის განხილვა/გადაწყვეტას შედეგი აღარ ექნება. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეთა ასეთ კატეგორიას განეკუთვნება შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის" და "შპს ტელეკომპანია საქართველოს" სარჩელი და შესაბამისი გადაწყვეტილება მოკლე ვადაში მიიღო.

გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობისა და ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, განმწესრიგებელი სხდომა ტარდება ზეპირი მოსმენით, როდესაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა არგუმენტების მოსმენა აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად, ან მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები საჭიროებს დაზუსტებას.

ვინაიდან "შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის" და "შპს ტელეკომპანია საქართველოს" კონსტიტუციურ სარჩელში ნათლად და არაორაზროვნად იყო მითითებული ყველა ის საკითხი, რისი გამორკვევაც აუცილებელია საქმის არსებითად განსახილველად მიღებისთვის და, ამასთან, სასამართლოს ჰქონდა პასუხი სადავო ნორმის შეჩერების საკითხის გადასაწყვეტად მისთვის ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე, საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ დაინახა განმწესრიგებელი სხდომის ზეპირი მოსმენით განხილვის აუცილებლობა", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2-ის ადვოკატების სარჩელი განიხილა და დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმა შეაჩერა. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2 ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ვერ აღსრულდა. რუსთავი 2-ის ადვოკატები ყველა ინსტანციის გავლას აპირებენ.

კომენტარები