რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-ის იურისტები საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავენ

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთი სარჩელით მიმართავს. გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, იურისტები იმ მუხლის გაუქმებას მოითხოვენ, რომლის მიხედვითაც, მოსამართლემ 5 ნოემბრის განჩინება მიიღო. 

"თუ ამ ქვეყანაში ვინმეს რაიმე აქვს შერჩენილი, პარლამენტის თავმჯდომარეზე დიდი ხანია არ მაქვს ეს ილუზია, რადგან რიგითი მარიონეტია სამწუხაროდ. პრეზიდენტის პოზიტიური როლი ნამდვილად იყო, ვნახოთ, რას მოიმოქმედებს ის, თუმცა რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მისი მოწოდება მოსამართლე ურთმელიძისთვის, ეს დავინახეთ. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს არის ერთადერთი ფუნქციონირებადი დემოკრატიული ინსტიტუცია საქართველოში. ჩვენ მას მივმართავთ კიდევ ერთხელ. უკვე გასაჩივრებული გვაქვს რამდენიმე მუხლი და ხვალ დილიდან წარედგინება სასამართლოს ამ მუხლის შესახებ კონსტიტუციური სარჩელი. ძვირფასო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებო, თქვენ უნდა გადაარჩინოთ არა მხოლოდ სასამართლო სისტემა, არამედ ის, რაც ზუსტად ვიცი თქვენთვის მნიშვნელოვანია - საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მისი უსაფრთხო მომავალი. ძალინ გთხოვთ, მთელი რუსთავი 2-ის სახელით, იმოქმედოთ სწრაფად და ეფექტურად, იმოქმედეთ იმიტომ, რომ გადარჩეს ქვეყანა", - განაცხადა გვარამიამ.

თამაზ ურთმელიძის განჩინება რუსთავი 2-ის იურისტებს არ ჩაბარებია. მათ გადაწყვეტილების შესახებ საჯარო რეესტრის ვებგვერდიდან შეიტყვეს. რუსთავი 2-ის იურისტი თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ განჩინება უკანონოა. ის იმედს გამოთქვამს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საქმის მასშტაბურობას და საზოგადოების მაღალ ინტერესს გაითვალისწინებს და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. რუსთავი 2-ის იურისტი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პრეზიდენტი შესაბამის ნაბიჯს გადადგამს. 

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებით, რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას უფლებამოსილება შეუჩერდა და რუსთავი 2-ის დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ. მოსამართლე თამაზ ურთმელიძე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლს (გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა) ეყრდნობა, რომლის მიხედვით, "სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად". ხსენებული ნორმა, მისივე შინაარსიდან გამომდინარე, არ ვრცელდება დაუყოვნებლივი აღსრულების პროცედურებზე - მოსამართლეს მხოლოდ იმ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლია, რაც დაუყოვნებლივ აღსრულებას არ ექვემდებარება. ეს კი ურთმელიძის გადაწყვეტილების საპირისპიროა - მან ნორმა სწორედ დაუყოვნებელი აღსრულებისთვის გამოიყენა. ამის გარდა, მოსამართლე თამაზ ურთმელიძე განჩინებაში რუსთავი 2-ისთვის დროებითი მმართველის დანიშვნას, მათ შორის, იმით ხსნის, რომ ტელეკომპანია მიმდინარე პროცესს კრიტიკულად აშუქებს.

კომენტარები