რუსთავი 2-ის საქმე

აქიმიძე: გვინდა, რუსთავი ორი არ იყოს არც სააკაშვილის, არც ივანიშვილის

რუსთავი ორის ყოფილმა მფლობელმა ჯარჯი აქიმიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე იმ სამპუნქტიან შეთანხმებაზე ისაუბრა, რომელიც მას, დავით დვალსა და ქიბარ ხალვაშს შორის დაიდო. მისი თქმით, შეთანხმების თანახმად, ტელევიზია ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, როგორც სახელისუფლოს, ისე ოპოზიციურს.

"რუსთავი ორი საკუთარ საინფორმაციო პოლიტიკას წარმართავს ზოგადსაკაცობრიო და დემოკრატიული ფასეულობების შესაბამისად, ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებზე დაყრდნობით. ეს იყო ჩვენი პრინციპული მოთხოვნა, რადგან დღეს რუსთავი ორი არ არის პოლიტიკური ძალისგან თავისუფალი. რუსთავი ორი დღეს არის ნაციონალური მოძრაობის საკუთრებაში მყოფი ტელევიზია, რომელიც აკეთებს იმას, რაც უნდა მიხეილ სააკაშვილს, ჩვენ გვინდა, რუსთავი ორი არ იყოს არც მიხეილ სააკაშვილის, არც ბიძინა ივანიშვილის, არცერთი პარტიის, არცერთი მომავალი ხელისუფლების და ა.შ. ჩვენ გვინდა, რუსთავი ორი იყოს ის მოდელი, რომელმაც შეიძლება, გამოგვიყვანოს იმ მოჯადოებული წრიდან, სადაც ამდენი წელია, ვტრიალებთ - თითქოს ტელევიზია მოწოდებულია იმისთვის, რომ რევოლუციები უნდა მოახდინოს. რევოლუცია ტელევიზიამ ერთხელ უკვე მოახდინა და ვნახეთ შედეგი, ასე რომ, აღარ გვინდა ეს რევოლუციები. მეორე პუნქტია, რომ ტელევიზია არასოდეს იქნება მხარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, იქნება ობიექტური, კრიტიკული ინფორმაცია. წარმოდგენილი იქნება ანალიტიკური და საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ამის გარეშე დემოკრატიული ქვეყანა ვერ განვითარდება. რაც შეეხება მესამე პუნქტს, რუსთავი ორი არ დაფინანსდება საბიუჯეტო სახსრებით, პარტიული შემოწირულობებით და პოლიტიკური დაკვეთებით, აქ არ იგულისხმება წინასაარჩევნო ფასიანი პოლიტიკური რეკლამა. იარსებებს მხოლოდ კომერციული შემოსავლები და სწორედ ეს იქნება ტელევიზიის დამოუკიდებლობის და თავისუფლების გარანტი", - განაცხადა აქიმიძემ.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა თქვა, რომ რუსთავი ორის მისთვის საბოლოოდ მიკუთვნების შემთხვევაში, წილის ნახევარს ყოფილ მფლობელებს დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს დაუთმობს.

 

 

კომენტარები