იური ვაზაგაშვილი

ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ სოსანაშვილს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სოსანაშვილს ბრალად ედებოდა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა. სასამართლომ ბრალდებული გიორგი სოსანაშვილი დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ" ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" და „ვ" ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.

ცნობისთვის, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა გია სოსანაშვილმა სასამართლოში საბოლოო სიტყვა 2 ნოემბერს თქვა. მისი მტკიცებით, მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ უთხრა, მკვლელობის შეკვეთა ირაკლი ფირცხალავასთვის დაებრალებინა.

“მიმაბეს რკინის მაგიდაზე, შემოვიდა მამუკა ვასაძე და განმიცხადა, რომ აფეთქების შედეგად დარჩენილ ხელყუმბარის სახელურზე დარჩნილი იყო დნმ-ის კვალი, რომელიც მე მეკუთვნოდა. ვუთხარი, რომ დანაშაული მე არ ჩამიდენია და რატომ მაბრალებთ-თქო. მითხრა იმიტომ, რომ 20 თებერვალს დაგირეკა ირაკლი ფირცხალავამო. შემდეგ შემოვიდა შოთაძე და მითხრა, თქვი, რომ ეს ყველაფერი ფირცხალავამ დაგავალა, შენ მოგისჯით რაღაც წლებს და სამაგიეროდ, შენი ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი და უსაფრთხოდო", - თქვა ბრალდებულმა.

გიორგი სოსანაშვილი 2015 წლის 7 თებერვალს დააკავეს.

კომენტარები