რუსთავი 2-ის საქმე

აშშ-ევროკავშირი: შეშფოთებულები ვართ რ2-ში ახალი მმართველის დანიშვნის გამო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ევროკავშირის წარმომადგენლობისა და საქართველოში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა საელჩოების ხელმძღვანელები ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაში წერია, ისინი შეშფოთებული არიან რუსთავი 2-ში ახალი მმართველის დანიშვნის გამო.

"ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა საელჩოების ხელმძღვანელებთან და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად გამოხატავს შეშფოთებას რუსთავი 2-ში ახალი მმართველების დანიშვნის გამო.

საკონსტიტუციო სასამართლოს ახლახან მიღებული დროებითი გადაწყვეტილებისა და რუსთავი 2-ის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს არსებითი განაჩენის ფონზე, რომელიც განაჩენის დაუყოვნებელ აღსრულებას არ ითვალისწინებს, 5 ნოემბერს მიღებული პრევენციული ზომები წარმოშობს სერიოზულ კითხვებს საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით.

ჩვენმა საელჩოებმა არაერთხელ საჯაროდ განაცხადეს, რომ მედიის თავისუფლება და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა დემოკრატიის მნიშვნელოვანი საფუძველია. დემოკრატიულ საზოგადოებებში განსხვავებულ მოსაზრებებს ხელი უნდა შეეწყოს. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პირს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ნაბიჯისა, თუ განცხადებისაგან, რომელმაც, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ქართულ მართლმსაჯულებას, აღნიშნული საქმე მიუკერძოებლად განსაჯოს.

მთავრობამ და მართლმსაჯულების ინსტიტუტებმა უნდა დაიცვან მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები, რომელიც საქართველოს გაცხადებული მისწრაფებების განუყოფელი ნაწილია.

გავაგრძელებთ მოვლენებზე ყურადრებით დაკვირვებას და საჭიროების შემთხვევაში, კვლავ გავუზიარებთ წუხილს ყველა შესაბამის მხარეს", - აღნიშნავენ საელჩოები ერთობლივ განცხადებაში.

კომენტარები