რუსთავი 2-ის საქმე

PACE რ2-ზე: განჩინება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება

ევოსაბჭოს საპრლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს საკითხებზე ბორის სილევიჩი და კერსტინ ლუნდრგენი რუსთავი 2-თან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან. მათი თქმით, გადაწყვეტილება საქართველოში მედია პლურალიზმზე ახდენს გავლენას და საკონსტიტუციო სასამართლოს ადრინდელ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.

"ეს გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა შეიცვალოს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა იმ დროს, როდესაც გასაჩივრების პროცესი კვლავ მიმდინარეობს. ეს გავლენას იქონიებს საქართველოში მედია-პლურალისტურ გარემოზე... ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით, რომ საქართველოში მედია პლურალიზმი დაცული უნდა იყოს. გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო პროცესის მიმდინარეობისას სამოქალაქო დავებში დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის შეჩერების შესახებ. ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ ამ გადაწყვეტილების შედეგების გამო და იმ შეკითხვების გამო, რომლებიც ისმება სასამართლო პროცესთან დაკავშირებით," - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 5 ნოემბერს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებით, რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას უფლებამოსილება შეუჩერდა და რუსთავი 2-ის დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2 ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს 3 ნოემბერს მიაკუთვნა. თუმცა იქამდე, 2 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის ამოქმედება გადაწყვეტილების გამოტანამდე შეაჩერა. შესაბამისად, მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება იქამდე არ უნდა აღსრულებულიყო, სანამ საქმეს სამივე ინსტანციის სასამართლი არ განიხილავდა.

კომენტარები