რუსთავი 2-ის საქმე

OSGF: განჩინება ბადებს სამართლებრივი ინსტიტუტების პოლიტიზების ძლიერ ეჭვს

0 კომენტარი

ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს განცხადებით, სასამართლოს განჩინება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მართლწესრიგს ეწინააღმდეგება. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ განჩინება არ შეესაბამება ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით შეჩერდა დაუყოვნებლივი აღსრულების ინსტიტუტის მოქმედება, ქმნიდა შანსს, ტელეკომპანიასთან დაკავშირებული პროცესები დარჩენილიყო სასამართლო დარბაზში და არ გადაენაცვლა ქუჩაში. საქალაქო სასამართლოს განჩინება კი, თანმდევი ფაქტობრივი შედეგების გათვალისწინებით, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციური კონტროლის ორგანოს გადაწყვეტილების სულისკვეთებასთან, ხოლო განჩინებაში არსებული დასაბუთება არ შეესაბამება ევროპული სასამართლოს პრაქტიკას," - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, ფონდი მიიჩნევს, რომ განჩინება ბადებს სამართლებრივი ინსტიტუტების პოლიტიზების ძლიერ ეჭვს, ხოლო პროცესი სცდება არამხოლოდ კერძოსამართლებრივ დავას, არამედ გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის დამოუკიდებლობის სფეროს.

"მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რაოდენ მნიშვნელოვანია რუსთავი 2-ის გარშემო არსებული დავა დაბრუნდეს მართლმსაჯულების სისტემაში. პროცესში ჩართულმა პირებმა - სამართლებრივი დავის მონაწილეებმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, მოქალაქეებმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ და, უპირველესად, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ - უნდა მიმართონ ყველა დემოკრატიულ ზომას, რომ შეინაჩუნონ სამოქალაქო მშვიდობა. ყველას უნდა გვახსოვდეს, ამგვარი ქმედებებით რა ზიანი შეიძლება  მიადგეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას," - ვკითხულობთ განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები