სამომხმარებლო ბაზარი

ჯაფარიძე: ანტიდემპინგური კანონით მთავრობა იაფ პროდუქციას ბარიერს უწესებს

ტაბულა

ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღებას ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის წევრი ზურაბ ჯაფარიძე ეწინააღმდეგება. ჯაფარიძის თქმით, ეს მთავრობის მხრიდან იმპორტული იაფი პროდუქციისთვის ბარიერის დაწესება იქნება, რაც მოსახლეობაზე, განსაკუთრებით კი გაჭირვებულ ოჯახებზე უარყოფითად აისახება. ანტიდემპინგი საგარეო ვაჭრობის შემზღუდველ ნორმებს მოიცავს, რომლებიც უცხოურ კომპანიებს ბარიერს უწესებს, რათა მათ ის პროდუქცია, რომელიც ქვეყნის შიგნითაც იწარმოება, სავარაუდო თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად არ გაყიდონ. ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილი თქმით, მსგავსი კანონმდებლობის მიღება უდიდესი სიკეთე იქნება. 

"თუკი ანტიდემპინგურ კანონს მიიღებენ და თუ კანონი რეალურად ამოქმედდება, შედეგი ის იქნება, რომ ქვეყანაში პროდუქცია უბრალოდ გაძვირდება, სხვა შედეგი ამას არ ექნება. იქნება ძალიან კონკრეტული შედეგი, რომ პროდუქცია გაძვირდება და ცხადია, ეს დაარტყამს გაჭირვებულ მოსახლეობას. თუ რატომ, ამას აქვს საკმაოდ მარტივი მიზეზი - რას ნიშნავს ეს ანტიდემპინგური კანონი? ზოგიერთ ქვეყნებში შეიძლება არსებობდეს არასწორი პოლიტიკა და გარკვეულ საექსპორტო პროდუქციას უბრალოდ ასუბსიდირებდნენ. შესაბამისად, ეს პროდუქცია შემოდიოდეს ჩვენს ქვეყანაში იაფად. რასაც აპირებს საქართველოს ხელისუფლება, რომ გააკეთოს, ეს არის ქვეყანაში იაფი პროდუქციის შემოტანაზე ბარიერის დაწესება, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში მოსახლეობას აღარ ექნება საშუალება იყიდოს იაფი პროდუქცია. ბაზარზე კი დარჩება მხოლოდ ძვირადღირებული პროდუქცია. თუ ვინმე მოიგებს აქედან, მოიგებენ კონკრეტული რამდენიმე ბიზნესის წარმომადგენლები, სადაც შეიძლება დასაქმებული იყოს 200-400 კაცი და წააგებს მოსახლოების გაცილებით უფრო დიდი ნაწილი", - ამბობს ჯაფარიძე.

მთავრობა ანტიდემპინგურ კანონმდებლობაზე ადგილობრივი მწარმოებლების დაცვის მოტივით მუშაობს. ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, შესაძლოა მოხდეს ისეთი შემთხვევა, როდესაც ბაზრის დაპყრობის მიზნით, რომელიმე კომპანიამ საქონლის სუბსიდირება დაიწყოს, რითიც ადგილობრივი მწარმოებლები დაზარალდებიან. 

"შეიძლება თეორიულად მოხდეს შემთხვევა, როდესაც ბაზრის დაპყრობის მიზნით, მოხდეს სუბსიდირება, იმიტომ რომ დემპინგმა უნდა დაასუბსიდიროს. ეს ნიშნავს, რომ დემპინგის დროს თქვენ უნდა ჩაატაროთ გამოძიება და დავუდგინოთ დადასტურებულად, რომ ფასი, რომლითაც შემოდის პროდუქცია, არის თვითღირებულებაზეც ნაკლები. თუკი თქვენ გყავთ მწარმოებელი ქვეყნის შიგნით, რომელიც აწარმოებს, თქვენ შეგიძლიათ იმსჯელოთ, რომ ეს ვნებს ადგილობრივ ბაზარს. ეს უდიდესი სიკეთეა", - ამბობს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. 

ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით კი, მთავრობის მიზანს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და მსგავსი ამკრძალავი ნორმების შემოღება არ უნდა წარმოადგენდეს. 

"სახელმწიფოს საქმეს ადგილობრივი წარმოებისთვის ესეთი სახის ხელშეწყობა არ წარმოადგენს, თუკი რომელიმე სახელმწიფო ატარებს სულელურ პოლიტიკას და საქართველოში ამის გამო შემოდის იაფი პროდუქცია, ეს არის კარგი. თუ ეს პროდუქცია იმპორტიორის მხრიდან გაძვირდება, მაშინ საქართველოში ბაზარზე ისევ გაჩნდება მოთამაშეები, რომლებიც უფრო იაფად გამოუშვებენ ამ პროდუქციას, ანუ ეს ჩვეულებრივი კონკურენცია იქნება, ამას არ სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა", - ამბობს ჯაფარიძე.

კომპანიები ზოგიერთ შემთხვევაში საქონელს მის თვითღირებულებასთან მიახლოებულ ფასადაც ყიდიან, რაც მრავალ მიზანს, მათ შორის, მომხმარებლების მოზიდვას, ფინანსური დანაკარგის თავიდან არიდებას და ა.შ. შეიძლება მოიცავდეს. ასევე საკმაოდ რთულია იმის დადგენა, თუ რა წარმოადგენს დემპინგურ ფასს. საქართველოში მოხმარებული პროდქციის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოურია, ვაჭრობით დაკავებული კომპანიების 2/3-ზე მეტი სწორედ იმპორტული საქონელით ვაჭრობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი რეგულაციები მათი დიდი ნაწილისთვის პოტენციურ რისკს შეიძლება წარმოადგენდეს.

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით მე-11 ადგილზეა, რაც ქვეყანაში რეგულაციების დაბალი დონის შედეგია. რეიტინგის მიხედვით, საქართველო საგარეო ვაჭრობის სიმარტივის მიხედვით მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა, რაც ამ სფეროში რეგულაციების დაბალ დონეს უკავშირდება. ანტიდემპინგური კანონმდებლობა კი სწორედ საერთაშორისო ვაჭრობის შემზღუდველი ნორმაა, რაც ამ მიმართულებით საქართველოს პოზიციებზე სავარაუდოდ უარყოფითად აისახება. 

კომენტარები