საჯარო ფინანსები

მთავრობა 2015 წლის ბიუჯეტის კიდევ ერთხელ კორექტირებას გეგმავს

ტაბულა

მთავრობა 2015 წლის ბიუჯეტის კიდევ ერთხელ კორექტირებას გეგმავს, ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა. ცვლილებები შეეხება ბიუჯეტის საგადასახადო ნაწილს, რომელიც წელს 120 მილიონი ლარით გაიზრდება, ასევე 283 მილიონით შემცირდება შიდა ვალის აღება. გეგმის მიხედვით, გაიზრდება ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი. ჯანდაცვის სამინისტროში ბიუჯეტის 96 მილიონი ლარით ზრდა საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსებას მოხმარდება, რომლისთვის გამოყოფილი 484 მილიონი ლარი უკვე პრაქტიკულად ამოწურულია. 

100 მილიონი ლარით შემცირდება საგარეო დაკრედიტება და აღნიშნული თანხებიდან 96 მილიონი ლარით გაიზრდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაფინანსება. არის კიდევ გარკვეული დეტალი, მაგალითად, გაიზრდება სოფლის მეურნეობის სამინისტროში ლიზინგისთვის გამოყოფილი თანხა 4 მილიონით, ამავე დროს, აღნიშნულ უწყებას შეუმცირდება ირიგაციისა და დრენაჟის პროექტისთვის გამოყოფილი თანხა და ეს პროექტი გადავა მომავალ წელს. გარდა ამისა, 77 მილიონი ლარით შემცირდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება", - განაცხადა მთავრობის სხდომაზე ნოდარ ხადურმა და მთავრობას მიმართა, წარმოდგენილი ცვლილებები პარლამენტს მიმდინარე კვირასვე გადაუგზავნოს.

2015 წლის ბიუჯეტის პირველი კორექტირება მთავრობამ მეორე კვარტლის ბოლოს მოახდინა. პირველი კორექტირების დროს ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიცვალა, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის 5%-დან 2%-მდე შემცირება იყო. მეორე კვარტლის ბოლოს ეკონომისტები მთავრობას მიუთითებდნენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი ზედმეტად ოპტიმისტურად იყო დაგეგმილი, რის გამოც მთავრობას მისი ზრდა მოუწევდა. საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების გაზრდის აუცილებლობაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილიც საუბრობდა, მისი თქმით, მთავრობას ამ პროგრამის შენარჩუნებისთვის წლის ბოლომდე კიდევ დაახლოებით 94 მილიონი ლარის დამატება მიანც მოუწევდა. 

კომენტარები