ბორის ნემცოვის საქმე

რუსეთის პროკურატურამ ბორის ნემცოვის მკვლელობის ორგანიზატორები დაასახელა

TASS

რუსეთის პროკურატურამ ბორის ნემცოვის მკვლელობის ორგანიზატორად ჩეჩნეთის შინაგანი ჯარის ყოფილი მებრძოლი რუსლან მუხუდინოვი დაასახელა. მას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

ბორის ნემცოვის ქალიშვილის, ჟანა ნემცოვას ადვოკატი ვადიმ პროხოროვი აცხადებს, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით მიდის და იმედს გამოთქვამს, რომ მუხუდინოვის გარდა, ბრალს წარუდგენენ ჩეჩნური სპეცბატალიონის მეთაურის მოადგილე რუსლან გერემეევსაც, რომელმაც რუსეთი უკვე დატოვა და, სავარაუდოდ, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს აფარებს თავს.

გამოძიების თანახმად, ქილერებს მანქანა და იარაღი სწორედ მუხუდინოვმა გადასცა. რუსეთის უშიშროების სამსახურმა რუსლან მუხუდინოვის ძებნა მაისიდან დაიწყო, თუმცა მის კვალს ვერსად მიაგნო. არსებობს ვარაუდი, რომ ის ცოცხალი აღარ არის.

შეგახსენებთ, რომ ბორის ნემცოვი მოსკოვში 2015 წლის 27 თებერვალს მოკლეს.

კომენტარები