რუსთავი 2-ის საქმე

რ2-ის დამცველთა ჯგუფი: შეწყდეს საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლა

რუსთავი 2

რუსთავი 2-ის დამცველთა საზოგადოებრივი ჯგუფი, საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიისთვის შუამდგომლობით მიმართვას ეხმაურება, სადაც საკანონმდებლო ორგანო ორი მოსამართლის აცილებას ითხოვს. 

"რუსთავი 2-ის დამცველთა საზოგადოებრივი ჯგუფი შეშფოთებას გამოთქვამს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე საპარლამენტო უმრავლესობის ზეწოლის გამო. საკანონმდებლო ორგანომ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ შეტანილი სარჩელების განხილვისას ამ კოლეგიის თავმჯდომარის, კონსტანტინე ვარძელაშვილისა და კოლეგიის წევრის, მაია კოპალეიშვილის აცილება მოხდეს. ისტორიას არ ახსოვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის პარლამენტს წინასწარ მიემართა შუამდგომლობით და ის ოფიციალურ გვერდზე გამოექვეყნებინა.

შუამდგომლობა ეფუძნება არგუმენტს, რომ მოსამართლე ვარძელაშვილის ცოლი და თავად მოსამართლე კოპალეიშვილი, წარსულში ნიკა გვარამიასთან მუშაობდნენ. აღსანიშნავია, რომ გვარამიას მინისტრობისას მოსამართლე კოპალეიშვილი მისი თანამშრომელი მხოლოდ ორი წლის მანძილზე, 2007-2009 წლებში იყო, ხოლო იქამდე, ხუთი წლის მანძილზე, 2000-2005 წლებში, საკანონმდებლო ორგანოს ამჟამინდელ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან ერთად იმუშავა USAID-ის პროექტებში.

იმავე პირველი კოლეგიის მოსამართლე მერაბ ტურავა, როცა ის მოსამართლეობიდან გადააყენეს, ნიკა გვარამია მის წინააღმდეგ დევნას ახორციელებდა იუსტიციის საბჭოს წევრის სტატუსით, რამაც შესაძლოა ეჭვქვეშ ასევე დააყენოს მისი მიუკერძოებლობაც.

თავად მოსამართლე ვარძელაშვილი ფონდ „ქართუში" საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ლევან ბერძენიშვილის მოადგილე იყო. მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი კი საქართველოს პარლამენტის წევრი იყო 2004-08 წლებში, რაც შუამდგომლობის ავტორების ლოგიკით, მას საერთოდ უნდა ართმევდეს უფლებას განიხილოს ამ პერიოდში მიღებული კანონების კონსტიტუციურობა.

აღსანიშნავია, რომ თავად პარლამენტის წარმომადგენელი პროცესზე, თამარ მესხია, რომელიც შუამდგომლობას ხელს აწერს, 2010 წლის თებერვლიდან 2012 წლის დეკემბრამდე საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობდა, მათ შორის იმ მოსამართლეებთან, რომლის აცილებასაც ითხოვს. მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი 2004-2008 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და შესაძლოა

ამ ლოგიკით, აუცილებელია ყველა მოსამართლის აცილება, რადგან მხარის მიმართ ნებისმიერს შეიძლება ჰქონდეს მიკერძოება. მთავრობა, რომელმაც დაამკვიდრა სტანდარტი, რომ ცოლის ნათესავი - ნათესავი, ხოლო დედა - ოჯახის წევრი არ არის, ახლა ცდილობს სასამართლო ხელისუფლების ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტანციის დამორჩილებას. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ადვილი მისახვედრია, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანო ცდილობს რუსთავი 2-ის პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებას.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მთავრობა არ ასრულებს თავის მოვალეობას და არ იცავს მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებს ორგანიზებული პროვოკატორების ჯგუფის ზეწოლისგან, რაც უკანონო აქციებში გამოიხატება. ეს აქციები პირადად დავით უსუფაშვილმა გამოხატვის თავისუფლებაზე აქცენტირებით წაახალისა.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ხელი აიღოს სასამართლოზე ზეწოლისგან, სრულად უზრუნველყოს მოსამართლეების უსაფრთხოება და შეწყვიტოს გამოხატვის თავისუფლების ჩახშობა. საქართველოს მოქალაქეები არავის მისცემენ უფლებას გაანადგუროს თავისუფლება, რომელიც მათ დაბადებიდან აქვთ და ამგვარად, ხელი შეუშალოს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მომავალს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

ირაკლი საღინაძე
ელენე ხოშტარია
ნინო დანელია
ნინია კაკაბაძე
სერგი კაპანაძე
ლექსო მაჭავარიანი
თამარ ჩერგოლეიშვილი
თათა ცოფურაშვილი
თამარ კინწურაშვილი
პაატა გაფრინდაშვილი
აჩიკო გულედანი
ირაკლი კიკნაველიძე
გიგა ბედინეიშვილი
ბექა მინდიაშვილი
ეკა ჭითანავა
ნათია სამუშია 
ლევან ღამბაშიძე
გიორგი მელაძე
თეო ხატიაშვილი
გიორგი მშვენიერაძე
ზუკა გუმბარიძე
ვახო ბაბუნაშვილი
ნინო მაჭარაშვილი 
ლევან რამიშვილი
გუგა სულხანიშვილი
ირაკლი ვაჭარაძე
გიორგი ტუღუში 
გიორგი ბადრიძე

კომენტარები