მედიამონიტორინგი

MDF: ურთმელიძის დედის მიმართ გამოძიება მხოლოდ R2-მა და ტაბულამ გააშუქეს

მედიის განვითარების ფონდის 1-16 ოქტომბრის საღამოს საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგის თანახმად, რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლის დედის მიმართ 2 წლის დაგვიანებით დაწყებული გამოძიება, რომელიც მოსამართლის ინტერესთა კონფლიქტს შეეხებოდა, რუსთავი 2-ის და ტაბულას გარდა, არცერთ არხს არ გაუშუქებია. ასევე, MDF-ის ცნობით, 7 ნოემბრის საქმის მოსამართლის ინტერესთა კონფლიქტი, რამაც
თავად მოსამართლეთა კოლეგიაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მხოლოდ იმედმა, რუსთავი 2-მა და ტაბულამ გააშუქეს. 

მონიტორინგის თანახმად, პრიორიტეტული თემების გაშუქების მხრივ რუსთავი 2-ისა და ტაბულას საინფორმაციო გამოშვებების ბადეები უფრო ემთხვეოდა ერთმანეთს. ხოლო საზოგადოებრივ მაუწყებელს, მაესტროსა და GDS-ს, ასევე ნაწილობრივ იმედს შორის გამოტოვებული თემების მხრივ მსგავსება გამოიკვეთა. კერძოდ, ყველაზე მეტად GDS-ის საინფორმაციო გამოშვება 20:30 არ აშუქებდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელ თემებს, რაც MDF-ის შეფასებით, ერთი მხრივ, ინფორმაციისთვის განკუთვნილი ქრონომეტრაჟის სიმცირეს შეიძლება უკავშირდება, მეორე მხრივ კი, სარედაქციო პოლიტიკას გამოხატავს. ანგარიშის მიხედვითვე, ყველაზე ნაკლები თემა რუსთავი 2 საინფორმაციო გამოშვებებში იყო გამოტოვებული.

"გაზპრომის საწინააღმდეგო პლაკატის გაკვრის გამო ტაბულას რედაქტორის დაკავების დღეს მაესტრომ პრიორიტეტი ისეთ თემებს მიანიჭა, როგორიც იყო პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური გეგმები და ლევან ვასაძის მხარდაჭერა დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანისადმი ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ", - წერია MDF-ის კვლევაში.

მედიამონიტორინგის თანახმად, GDS-ის მიერ მომზადებული მასალები მიმდინარე მოვლენებსა და დღის ახალ ამბებზე მეტად ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდის საქმეების გამოძიებაზეა ფოკუსირებული. ხშირად 20/30-ში ასეთი თემები პირველ სიუჟეტად არის გამოტანილი, მიმდინარე საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მოვლენების გამოტოვების ხარჯზე.

"მაგალითად, იმ დღეს, როცა რუსთავი 2-მა, იმედმა და ტაბულამ 7 ნოემბრის საქმის ერთ-ერთი მოსამართლის ინტერესთა კონფლიქტის თემა
გააშუქეს, 20/30-მა პირველ თემად მაგნატის საქმის გამოძიება შესთავაზა მაყურებელს; 5 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართული აქციის დღეს კი პირველ თემად კორტების საქმის გამოძიება და ირაკლი ფირცხალავას დაკითხვა გააშუქა, ხოლო თავად საპროტესტო აქცია 20/30-ის ეთერში არ მოხვდა. 8 ოქტომბერს სხვა არხებისგან განსხვავებით, დედაქალაქის ცენტრში სროლის ფაქტი 20/30-ს არ გაუშუქებია და პირველ წამყვან თემად კომპანია "იმედი ელის" საკუთრების საკითხის გამოძიება შეარჩია. GDS-ის მსგავსად იყო შემთხვევა, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ თემად არა დღის ახალი ამბავი, არამედ ძველი თემატიკა მოხვდა. მაგალითად, 5 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციის გამართვის დღეს, "მოამბის" საღამოს გამოშვება კანადაში გაუჩინარებული მარიამ მახნიაშვილის მამის საპატიმროდან გათავისუფლების შემდგომ საქართველოში დაბრუნების და მისი სამომავლო გეგმების შესახებ თემით დაიწყო, რასაც რედაქციამ 2 სიუჟეტი მიუძღვნა", - ნათქვამია MDF-ის კვლევაში და აღნიშნულია, რომ GDS-ისგან განსხვავებით, რუსთავი 2 და ტაბულა მოქმედი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ მასალებს აშუქებენ.

"ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული შეფასებები ხელისუფლებისადმი მეტწილად რუსთავი 2-ის პრაიმ ტაიმის საინფორმაციოში გადიოდა, ნაწილობრივ იმედის. ამავე დროს რუსთავი 2 ხელისუფლების სხვადასხვა აქტივობებსაც სისტემატურად აშუქებდა, თუმცა პრიორიტეტს კრიტიკულ თემებს ანიჭებდა. სხვა არხების ეთერში ან არ ხვდებოდა ან შედარებით მოკრძალებულად იყო წარმოდგენილი საერთაშორისო ექსპერტებისა და ინსტიტუტების კრიტიკული შეფასებები საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. კრიტიკული თემებიდან რუსთავი 2-მა მაყურებელს ისეთი მასალები შესთავაზა, როგორიც იყო ფარული ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილის ნათესავის მიერ ე.წ. ნარუშილოვკებით (შსს-ს სპეციალური საშვებით) სარგებლობის შესახებ; ტელეკომპანიის ყოფილი მესაკუთრის ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების გამოძიებასთან დაკავშირებით არსებული საეჭვო გარემოებები; მოსამართლე ურთმელიძის დედის წინააღმდეგ 2 წლის დაგვიანებით დაწყებული გამოძიება, სიუჟეტი აშშ-ის ტერორისტთა სიაში ახმედ ჩატაევის მოხვედრის შესახებ, რომელიც ქართულმა სასამართლომ 2012 წელს გაათავისუფლა", - აცხადებს MDF და აღნიშნავს, რომ ცალკეულ პირებთან და ინსტიტუტებთან დაკავშირებული კრიტიკული სიუჟეტები პრემიებზე, კორუფციასა თუ ქონებასთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე მაესტროსა და იმედის ეთერშიც ხვდებოდა.

მედიის განვითარების ფონდი რუსთავი 2-ს, იმედს, საზოგადოებრივ მაუწყებელს, მაესტროს, ტაბულას და GDS-ს აკვირდებოდა.

კომენტარები