საჯარო ფინანსები

მთავრობას შიდა ვალის აღება გაუძვირდა

iStockPhoto

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთები თითქმის გაორმაგებულია, რაც სახელმწიფოსთვის შიდა ვალის აღებას აძვირებს. ბიუჯეტის მიხედვით მთავრობას წელს 315 მილიონი ლარის შიდა ვალის აღება აქვს განსაზღვრული, საპროცენტო განაკვეთების ზრდა კი მათ ღირებულებას აძვირებს. სულ საშინაო ვალის მოცულობამ ოქტომბრის თვისთვის 2.9 მილიარდი ლარი შეადგინა. 

გასულ წელთან შედარებით ერთწლიანი სახაზინო ვალდებულებების ღირებულება 45%-ით გაიზრდება, 2-წლიანი სახაზინო ვალდებულების ღირებულება 49%-ით, 5-წლიანი ვალდებულებების - 35%-ით, 10-წლიანი ვალდებულებებისა კი გასული წლის მანძილზე 16%-ით გაიზარდა. საპროცენტო განაკვეთის ზრდა ბიუჯეტის დაფინანსების ამ წყაროს გაძვირებას ნიშნავს. 


ფოტო: mof.ge

შიდა ვალის აღების მოცულობა განსაკუთრებით გასული სამი წლის მანძილზე გაიზარდა. 2009 წელს მთავრობამ 260 მილიონი ლარის მოცულობის შიდა ვალი აიღო, 2010 წელს - 172 მილიონი, 2011 წელს შიდა ვალის აღება 91 მილიონამდე შემცირდა, 2012 წელს ვალი 58 მილიონი იყო. 2013 წლიდან მთავრობამ 150 მილიონის შიდა ვალი აიღო, 2014 წელს კი შიდა ვალის მოცულობამ 573 მილიონს მიაღწია. 


ფოტო: mof.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთა თქმით, მთავრობა შიდა ვალის აღებას მომავალ წელსაც აგრძელებს, რაც 2016 წლის ბიუჯეტისთვის მხარდაჭერის არგამოცხადების ერთ-ერთი მიზეზია. საპარლამენტო უმცირესობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის თქმით, მთავრობამ დიდი მოცულობის შიდა ვალის აღების პრაქტიკა უნდა შეაჩეროს. 

"კვლავ გრძელდება მანკიერი პრაქტიკა, რომელიც გულისხმობს შიდა ვალით სარგებლობას. მთავრობას დაგეგმილი აქვს, რომ 2016 წელს 200 მილიონი ლარით გაზარდოს ქვეყნის შიდა ვალი. ეს არის გაუმართლებელი ნაბიჯი, რადგან მოცემული ვალი უფრო ძვირი ჯდება, უარყოფით გავლენას ახდენს ლარის კურსზე და მოაქვს სხვა არასასურველი შედეგები ქვეყნის ეკონომიკისთვის.
სასურველია, რომ მთავრობამ შეწყვიტოს შიდა ვალის ზრდა, რომელიც 2014-2015 წლებში დაახლოებით 1 მილიარდ ლარამდე გაზარდა და თითქმის გააორმაგა შიდა ვალის მოცულობა. მან რეკორდულ თანხას მიაღწია", - ამბობს მაჭავარიანი. 


ფოტო: mof.ge

ეკონომისტი ზვიდა ხორგუაშვილი 2016 წლის ბიუჯეტის პროექტით შიდა ვალის აღების 300 მილიონით შემცირებას მიესალმება და ამბობს, რომ ამ შემცირების მიუხედავად მთავრობა 200 მილიონი ლარის მოცულობის შიდა ვალს მაინც იღებს, რაც ნეგატიურ ტენდენციას წარმოადგენს. ხორგუაშვილის თქმით, შიდა ვალის მოცულობის ზრდა საკრედიტო რეიტინგებში საქართველოს პოზიციის გაუარესებასთან არის კავშირში. 


ფოტო: mof.ge

შიდა ვალის აღების ზრდის გამო სახელმწიფო გახდა საკრედიტო ბაზარზე წამყვანი მსესხებელი. ფაქტმეტრის კვლევის მიხედვით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები 476 მლნ ლარით გაიზარდა, აქედან 305 მლნ ლარი (64%) სახელმწიფომ ისესხა. საშინაო ვალის აღება საკრედიტო რესურსებზე ზრდის მოთხოვნას. ანუ ბაზარზე სახელმწიფოს ჩარევის შედეგად წარმოიქმნება დამატებითი მოთხოვნა, რაც საპროცენტო განაკვეთების ზრდაზეც ახდენს გავლენას, განაკვეთის ზრდა კი, თავის მხრივ, კერძო სექტორს საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობას უმცირებს. შიდა ვალით არა კონკრეტული პროექტები, არამედ მთლიანი ბიუჯეტი ფინანსდება.

კომენტარები