ციხის კადრები

პროკურატურა: ბედუკაძე-ჯღარკავას მიმოწერა, რომელიც ტელევიზიით გავიდა, ყალბია

0 კომენტარი
მთავარი პროკურატურა ფოტო: პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ციხის კადრებთან დაკავშირებით ნინო ჯღარკავასა და ლადო ბედუკაძეს შორის მიმოწერა, რომელიც რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში გავიდა, ყალბია. პროკურატურის განმარტებით, ჯღარკავას საჩივრის საფუძველზე გამოიკითხნენ ფაქტთან კავშირში მყოფი პირები. უწყება აღნიშნავს, რომ არ გამოკვეთილა დანაშაულის ნიშნები და, შესაბამისად, გამოძიება ვერ დაიწყება. პროკურატურის განცხადებით, "შესაძლებელია, გაყალბებული მიმოწერა შეიცავდეს ამა თუ იმ პირის პატივისა და ღირსების შემლახავ ინფორმაციას, თუმცა ამ კატეგორიის დავა განეკუთვნება სამოქალაქო სამართლებრივ სფეროს" და სცილდება პროკურატურის კომპეტენციას. უწყება აღნიშნავს, რომ ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს.

"შედეგად დადგინდა, რომ ტელევიზიით გასული მიმოწერა არის ყალბი და ამის დადგენა სრულიად მარტივად იქნებოდა შესაძლებელი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, კერძოდ, მიმოწერა წარმოდგენილია ე.წ. ფეისბუქის სქრინშოთების ანუ ფოტოების სახით. მიმოწერასთან მოცემულია მხოლოდ საათი და არსად ჩანს მიმოწერის თარიღი, რაც ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ე.წ. სქრინშოთები იქმნება მიმოწერის განხორციელების დღეს. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, საათთან ერთად მოცემული უნდა იყოს თარიღიც. გარდა ამისა, ხსენებულ სქრინშოთებზე, ფეისბუქის გვერდის მარჯვენა მხარეს მითითებულია წელი - 2012, ანუ სქრინშოთი შექმნილი უნდა იყოს 2012 წელს და უშუალოდ მიმოწერის განხორციელების დღეს, რაც არ დასტურდება.

ამავე სქრინშოთზე ერთ-ერთ მეგობრობის შემოთავაზებაში ფიგურირებს მომხმარებელი „Nikoloz Xucishvili”. მისი პროფილის გახსნისა და დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ პროფილი შექმნილია 2014 წელს და ის 2012 წელს არ არსებობდა, რაც შეეხება პროფილზე განთავსებულ ფოტოს - იგი გადაღებულია 2014 წელს, რაც დასტურდება სურათზე გამოსახული პიროვნების გამოკითხვით. ასევე დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ყალბი სქრინშოთი შექმნილია 2014 წლის 12 ოქტომბრის შემდგომ პერიოდში, ვინაიდან სწორედ ამ დღეს აიტვირთა „Nikoloz Xucishvili”-ს პროფილზე ის ფოტო, რომელიც ფიგურირებს გადაცემა „განსხვავებული აქცენტებში“ გავრცელებულ „სქრინშოთზე“, რაც თავის მხრივ ემთხვევა გამოკითხული ჟურნალისტის ლაშა ბერულავას მიერ მითითებულ თარიღს, რომ 2014 წლის ოქტომბრის ბოლოს მისთვის უცხო პიროვნებისაგან ჩაუვარდა ხელში ეს მასალა. ანალოგიური ვითარებაა სქრინშოთზე მოცემულ კიდევ ერთი მომხმარებლის - „Toni Montana”-ს პროფილთან მიმართებაშიც, რომელიც ასევე შექმნილია 2014 წელს. ამდენად, აღნიშნულის გათვალისწინებით უტყუარად დგინდება, რომ ტელევიზიით გავრცელებული 2012 წლით დათარიღებული მიმოწერა სქრინშოთების სახით არის ყალბი.

აღნიშნული გარემოება თავისუფლად შეიძლება გადამოწმდეს ნებისმიერი ინტერნეტმომხმარებლის მიერ და ამას არ სჭირდება რაიმე სპეციალური ცოდნა", - აცხადებს პროკურატურა და აღნიშნავს, რომ გადაცემა განსხვავებული აქცენტების წამყვანის ეკა კვესიტაძის თქმით, მის გადაცემაში გასული მიმოწერა უნდა იყოს „სავარაუდოდ“ 2012 წლის სექტემბრის თვეში განხორციელებული.

"ამ პერიოდში კი, ჯღარკავასა და ბედუკაძის განცხადებით, ისინი საერთოდ არ იცნობდნენ ერთმანეთს, რაც დაადასტურეს სხვა გამოკითხულმა პირებმაც. ასევე, ნინო ჯღარკავამ და ვლადიმერ ბედუკაძემ დაადასტურეს 2012 წლის 30 ოქტომბრიდან ფეისბუკის საშუალებით მათ შორის მიმოწერის არსებობის ფაქტი, თუმცა განმარტეს, რომ რეალური მიმოწერა ატარებდა სულ სხვაგვარ შინაარსს და განსხვავებულ აქცენტებში გასულ მიმოწერასთან არაფერი საერთო არ ჰქონდა, რაც დადასტურდა მათ შორის ფეისბუკის საშუალებით რეალურად არსებული მიმოწერის დათვალიერებით.

დანაშაულის ნიშნების არსებობის გადამოწმების შემდგომ პროკურატურის მიერ მოხდა ფაქტის სამართლებრივი შეფასება. კერძოდ: იმის გათვალისწინებით, რომ ფეისბუქ მიმოწერა ცალსახად გაყალბებულია და რეალურად ასეთ საუბარს ადგილი არ ჰქონია, არ მომხდარა კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევაც. შესაბამისად, ვინაიდან არ გამოიკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, გამოძიება ამ ფაქტზე ვერ დაიწყება. ამასთანვე ფეისბუქ მიმოწერა სქრინშოთების სახით არ არის ოფიციალური დოკუმენტი, შესაბამისად, არ არის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებიც, რაც გულისხმობს ოფიციალური დოკუმენტის გაყალბებას.

შესაძლებელია, გაყალბებული მიმოწერა შეიცავდეს ამა თუ იმ პირის პატივისა და ღირსების შემლახავ ინფორმაციას, თუმცა ამ კატეგორიის დავა განეკუთვნება სამოქალაქო სამართლებრივ სფეროს და სცილდება პროკურატურის კომპეტენციას. ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში დარღვეული უფლების აღსადგენად მიმართოს სასამართლოს", - აცხადებს პროკურატურა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 500 000 ლარის ნარკოტიკები ამოიღო და ორი ადამიანი დააკავა

კომენტარები