სტიქია

თერჯოლაში, ადიდებულმა მდინარე ჩხარმა ავტომაგისტრალის მონაკვეთი წაიღო

თერჯოლაში, ადიდებულმა მდინარე ჩხარმა ავტომაგისტრალის მონაკვეთი წაიღო. მდინარის ადიდება ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. მუნიციპალიტეტის გამგებლის თემურ ჯაფარიძის თქმით, ავტომაგისტრალის აღდგენითი სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება. 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობა ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე გადაერთო.

"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე, მდინარე ჩხარას ადიდების გამო, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე, ხოლო აღნიშნული მიმართულებით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპარტულო პოლიციის უშუალო ზეამხედველობით და კოორდინაციით", - აცხადებს გზების დეპარტამენტი.  

გარდა ამისა, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის ზვიად ჯაფარიძის თქმით, ღვარცოფი მოვარდა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრზე, მახუნცეთში, სადაც სტიქიამ სამი სახლი დატბორა. მაშველებმა 19 მოქალაქის ევაკუაცია მოახდინეს, მათგან 4 მცირეწლოვანია. მისივე თქმით, გუშინ საღამოს გოდერძის უღელტეხილიდან მაშველებმა შვიდი ავტომობილი გამოიყვანეს.

კომენტარები