სტიქია დასავლეთ საქართველოში

ძლიერმა წვიმამ აჭარასა და გურიას პრობლემები შეუქმნა

რუსთავი 2

სტიქიამ აჭარასა და გურიას პრობლემები შეუქმნა. ძლიერმა ქარმა ქობულეთში საცხოვრებელი კორპუსების სახურავები დააზიანა, აღმაშენებლის ქუჩაზე კი ხეები მოგლიჯა. ხეების წაქცევის გამო ავტოსატრანსპორტო მიმოსვლა დროებით შეფერხდა. მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ჩაქვში ერთი სახლი მთლიანად დაიშალა. მისი რამდენიმე მცხოვრები მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ქედაში კი, გადაუღებელი წვიმის გამო მეწყერული პროცესები განვითარდა. საცხოვრებელი სახლებიდან ხუთი ოჯახი გაიყვანეს. ღვარცოფი სოფელ მახუნცეთში, ბათუმი - ახალციხის საავტომობილო გზაზე ჩამოწვა. რუსთავი 2-ის ცნობით, დატბორილია მიმდებარე სახლების პირველი სართულები, დაზიანებულია საძირკველი და განადგურებულია საკარმიდამო ნაკვეთები. 

ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა გურიაში. ჩოხატაურში წყალი ათამდე ოჯახს სახლებში შეუვარდა - დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, დაზიანდა სოფელ კოხნარი-საჭამიასერის საავტომობილო გზა. ოზურგეთში კი, ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რის გამოც, ერთი საათის განმავლობაში ბათუმისკენ მიმავალი გზა ჩაკეტილი იყო. სტიქიის გამო, გურიის რამდენიმე სოფელს თითქმის მთელი ღამის განმავლობაში არ მიწოდებოდა ელეტროენერგია. რუსთავი ორის ინფორმაციით, წაქცეულმა ხეებმა დააზიანა გაზის მილებიც. ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარე სუფსამ კი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი აკეთიც დააზარალა.

კომენტარები