კერძო აღმასრულებელი

TI: სახელმწიფო კერძო აღმასრულებლებს დაბრკოლებებს უქმნის

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებით, კერძო აღმასრულებლებს სახელმწიფო დაბრკოლებებს უქმნის. TI თავის ბლოგში იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს ბრძანებაზე წერს, რომლის მიხედვითაც, კერძო აღმასრულებლებს საქმიანობა ათჯერ გაუძვირდათ. კერძოდ, აღმასრულებლები მათი საქმიანობისთვის აუცილებელი სააღსრულებო წარმოების ელექტრონული პროგრამით სარგებლობისთვის წელიწადში 500 ლარს იხდიდნენ, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით კი, ეს საფასური 5000 ლარი გახდა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აღნიშნავს, რომ საფასური კერძო აღმასრულებლებთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე გაიზარდა და მათ თანხის გადასახდელად 15 დღე განესაზღვრათ. საფასურის მკვეთრი გაზრდის მიზეზის შესახებ სამინისტროს განმარტება არ გაუკეთებია.

"კერძო აღმასრულებლებს (ქვეყნის მასშტაბით სულ 39 კერძო აღმასრულებელია), კანონი იმპერატიულად ავალდებულებს საქმიანობისთვის გამოიყენონ სააღსრულებო წარმოების ელექტრონული პროგრამა, რომლის სარგებლობისთვის ისინი ყოველ წელიწადს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან პროგრამის სარგებლობის შესახებ ერთწლიან ხელშეკრულებას დებენ. თავის მხრივ, კერძო აღმასრულებლებისათვის ელექტრონული პროგრამით სარგებლობის უფლების შეუფერხებლად მიწოდებას კანონი აღრსულების ეროვნულ ბიუროსაც ავალდებულებს. კანონის შესაბამისად, კერძო აღმასრულებლები ყოველ წელს ანახლებდნენ აღსრულების ბიუროსთან ხელშეკრულებას პროგრამის გამოყენებაზე და ამ თვალსაზრისით ბარიერები მანამდე მათ არ შექმნიათ.

2015 წლის ივნისში აღმასრულებლებს ამოეწურათ ხელშეკრულების მოქმედების ვადა, თუმცა მათი არაერთი სატელეფონო კომუნიკაციის მიუხედავად, ხელშეკრულების დადება გაურკვეველი მიზეზით ვერ ხდებოდა. ამ პერიოდში კერძო აღმასრულებლები პროგრამით უსასყიდლოდ სარგებლობდნენ. 2015 წლის 27 აგვისტოს გამოქვეყნდა მინისტრის ბრძანება, რომლითაც 10-ჯერ გაიზარდა პროგრამით სარგებლობის საფასური. 2 სექტემბერს აღმასრულებლებმა მორიგი შეტყობინება მიიღეს, რომელიც მათ 15 დღის ვადაში ხელშეკრულების დასადებად აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამოცხადებას ავალდებულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო აღმასრულებლებს ელექტრონული პროგრამით სარგებლობის უფლება შეუწყდებოდათ" - წერს TI და აღნიშნავს, რომ კერძო აღმასრულებლებმა საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს მინისტრის ბრძანების მე-4 მუხლი, რომლითაც ელექტრონული პროგრამით სარგებლობის საფასური გაიზარდა, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოითხოვეს ნორმის მოქმედების შეჩერება.

"17 სექტემბერს სასამართლომ მიიღო განჩინება, რომლითაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საფასურის გაზრდის შესახებ ნორმის მოქმედება შეაჩერა. მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 21 სექტემბერს 15 დღიანი ვადის გასვლის მოტივით პროგრამის მიწოდება შეწყვიტა, რითაც კერძო აღმასრულებლების საქმიანობის სრული პარალიზება მოახდინა.

კერძო აღმასრულებლებმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს წერილობით მოსთხოვეს განმარტება, თუ რატომ შეუწყდათ ელექტრონული პროგრამის მიწოდება და რატომ არ ხდება მათთან ხელშეკრულების დადება. კერძო აღმასრულებლების განცხადებით, ბიუროს წარმომადგენლები ზეპირ საუბარში აცხადებენ, რომ ხელშეკრულების დადების შესაძლებლობას მოკლებული არიან, რადგან სასამართლომ გააუქმა ბრძანების მოქმედება, რაც დაუსაბუთებელი არგუმენტია, რადგან სასამართლომ არა სრული ბრძანება, არამედ მხოლოდ მე-4 მუხლის მოქმედება შეაჩერა, რომელიც მხოლოდ მომსახურების საფასურს განსაზღვრავს, ხოლო ხელშეკრულების დადების ვალდებულება ბიუროს კვლავ დარჩა" - წერია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ბლოგში.

უფრო მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით, კერძო აღმასრულებლები იძულებული გახდნენ სასამართლოდან გამოეხმოთ უზრუნველყოფის ღონისძიება - ნორმის მოქმედების შეჩერება, რის შედეგადაც, კვლავ ამოქმედდა მინისტრის ბრძანების მე-4 მუხლი.

"ამ გადაწყვეტილების მიღება განპირობებული იყო გამოუვალი მდგომარეობით, რადგან აღმასრულებლებს აღარ ეძლეოდათ პროგრამის გამოყენების საშუალება თუნდაც ათჯერ გაუარესებული პირობებით და ეს დიდ ზიანს აყენებდა არა მარტო კერძო აღმასრულებლებს, არამედ იმ მოვალეებს, ვინც დავალიანება გადაიხადა და ასევე იმ კრედიტორებს, ვისაც საქმის შემოტანა სურდათ" - აღნიშნავს TI.

ევროკავშირის რეკომენდაციების, მისი ფინანსური და ტექნიკური დახმარების მეშვეობით, კერძო აღმასრულებლის ინსტიტუტი საქართველოში 2009 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა. კერძო აღმასრულებლებს იმთავითვე დაუწესდათ რამდენიმე საკანონმდებლო შეზღუდვა: აუქციონის ჩატარების ექსკლუზიური უფლება მიეცა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს; ბანკებში საინკასო დავალების გაგზავნისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით სავალდებულო იყო სააღსრულებო ფურცლის სანოტარო წესით დამოწმება, განსხვავებით ბიუროსაგან.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, 2012 წელს საფრანგეთის სააღსრულებო სისტემიდან გადმოღებული ფაქტების კონსტატაციის მომსახურების განხორციელების უფლება არ მიეცათ კერძო აღმასრულებლებს და მხოლოდ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელთა უფლებამოსილებად იქცა, რაც ორგანიზაციის შეფასებით, განსაკუთრებით ალოგიკურია იმის გათვალისწინებით, რომ თავად საფრანგეთში ეს ფუნქცია მხოლოდ კერძო აღმასრულებლებს აქვთ.

"ყოველგვარი დასაბუთებისა და არგუმენტების გარეშე, გაორმაგდა კერძო აღმასრულებელთათვის გაწეული სააუქციონო მომსახურების საფასურის მინიმალური ზღვარი, რაც კერძო აღმასრულებელს იმ შემთხვევაშიც კი თუ სარეალიზაციო ქონების ღირებულება 100 ლარს შეადგენს, აიძულებს, 200 ლარი გადაუხადოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს; მხარეთათვის აღსრულების პროცესში საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებისათვის დაწესებული იქნა საფასური და აღმასრულებელი დავალდებულებული იქნა საჯარო გამოქვეყნების პუბლიკაცია განახორციელოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებგვერდზე. ამასთანავე, ვებგვერდზე თითოეული საჯარო გამოქვეყნებისათვის კერძო აღმასრულებელს უწევს 50 ლარის გადახდა, რაც არაადეკვატურად მაღალი საფასურია; აუქციონის გამოცხადებამდე სააუქციონო განაცხადის უკან გამოთხოვისას კერძო აღმასრულებლის მიერ გადახდილი მომსახურების საფასურიდან ბრუნდება მხოლოდ ნახევარი, ხოლო აუქციონის გამოცხადების შემდეგ საერთოდ არ ბრუნდება მაშინ, როცა სასამართლოებში სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების წარმოებისას, თუნდაც მოსამართლეს დასრულებული ჰქონდეს საქმის განხილვა, სარჩელის გამოხმობის დროს სახელმწიფო ბაჟი ბრუნდება სრულად; კერძო აღმასრულებლისთვის ლიცენზიის გაცემის, მისი შეწყვეტის, ასევე დისციპლინური სახდელის დაკისრების საკითხები დაექვემდებარა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც ამასთან ერთად კერძო აღმასრულებლის კონკურენტს წარმოადგენს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის მიუკერძოებლობას; განსხვავებული დისციპლინური პასუხიმგებლობის ზომებიც კერძო აღმასრულებლისა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებული პირებისათვის, კერძოდ, კერძო აღმასრულებლისათვის არის გაფრთხილება და შემდეგ - ლიცენზიის შეწყვეტა, ხოლო ბიუროში დასაქმებულთათვის სამსახურიდან დათხოვნამდე (როგორც უკიდურეს სახდელამდე) 7 სახის სახდელის გამოყენება მაინც არის შესაძლებელი" - წერს TI.

საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლის შესახებაც არ მომხდარა კერძო აღმასრულებელთა ინფორმირება, აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიეცა უფლება, ჩაერიოს კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო წარმოებაში და განახორციელოს სეკვესტრი იმ სააღსრულებო საქმეზე, რომელიც ბიუროს წარმოებაში საერთოდ არ არის;

"2013 წელს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მოხდა კერძო აღმასრულებელთა მასობრივი შემოწმება, რამაც გამოიწვია კერძო აღმასრულებელთა პროტესტი. ამ შემოწმებებს შედეგად მოჰყვა კერძო აღმასრულებელთათვის დისციპლინური სახდელის სახით გაფრთხილებების დადება, რაც შემდგომ გასაჩივრდა და სასამართლომ დაადასტურა შემოწმებებისა და სახდელის დადების არამართებულობა. წაგებული პროცესების ფონზე 2013 წლის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიეცა შესაძლებლობა შეამოწმოს კერძო აღმასრულებელთა წარმოებაში არსებული საქმეები საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ისე, რომ ამისათვის სპეციალური საფუძველი აღარ სჭირდება; კერძო აღმასრულებლისათვის სააუქციონო მომსახურების ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიურო საკუთრებაში სრულად იტოვებს ჩაშლილი აუქციონის დროს (როცა აუქციონში გამარჯვებული აღარ იხდის საბოლოო თანხას) გამარჯვებულის მიერ გადახდილ საგარანტიო თანხას, რომლის ოდენობა აუქციონზე სარეალიზაციო ქონების საბაზრო ღირებულების 5%-ს შეადგენს. ამდენად, ეს თანხა არც კრედიტორის და არც კერძო აღმასრულებლის ინტერესებს არ ხმარდება" - წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, განმარტოს, თუ რა მიზეზით ხდება კერძო აღმასრულებლებისთვის საკანონმდებლო და პრაქტიკული ბარიერების დაწესება; საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, და ბიზნეს ომბუდსმენს დაინტერესდნენ, თუ რა მიზეზით უწესებენ კერძო აღმასრულებლებს ბარიერებს.

კომენტარები