საქართველოს განვითარების ფონდი

პაატა ბურჭულაძემ ორგანიზაცია "საქართველოს განვითარების ფონდი" დააფუძნა

ცნობილმა საოპერო მომღერალმა და ფონდ იავნანას პრეზიდენტმა პაატა ბურჭულაძემ ახალი ორგანიზაცია - საქართველოს განვითარების ფონდი დააფუძნა. მისი მიზანი "ქვეყნისთვის აქტუალური საკითხების განხილვა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე დემოკრატიული ძალების კონსოლიდაცია" იქნება. ჯერჯერობით უცნობია, ჩამოყალიბდება თუ არა ორგანიზაციის ბაზაზე პოლიტიკური პარტია.

ორგანიზაცია პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდი საჯარო რეესტრში 2015 წლის 30 ოქტომბერს გატარდა რეგისტრაციაში. ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა პაატა ბურჭულაძე, ხოლო მისი მოადგილე - ივანე მაჭავარიანი (პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი). ასევე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან მერაბ ტყეშელაშვილი (ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე ქვემო ქართლის მხარეში და ქალაქ რუსთავის მერი) და ირაკლი გურჩიანი (ტოიოტა ცენტრი თბილისის დირექტორი).

ცნობისთვის, აგვისტოში გაზეთი ალია წერდა, რომ პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში წასვლას აპირებდა. ალიას ცნობით, პაატა ბურჭულაძე საპარლამენტო არჩევნებში ჩართვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ოქტომბრის ბოლოს მიიღებდა. გაზეთი ასევე წერდა, რომ ბურჭულაძეს მხარს ბიზნესწრეები, საპატრიარქო, პოლიტიკოსთა და ექსპერტთა ნაწილი უჭერს.

იქამდე კი, კვირის პალიტრასთან საუბარში პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკაში მოსვლა არ გამორიცხა. ინტერვიუში ბურჭულაძე ამბობს, რომ მას პოლიტიკაში წასვლას ყველა ლიდერი სთავაზობდა. თუმცა ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ მომავალში სხვაგვარად მოიქცეს და შეთავაზებაზე უარი არ თქვას.

"ყოველთვის მთავაზობდნენ, პოლიტიკაში მოვსულიყავი... უარს ვამბობდი და არც არასდროს მინანია. თუმცა, არ ვამბობ, რომ ეს არასდროს მოხდება. თუ ვიგრძნობ, რომ სხვა ამპლუაში ვჭირდ­ები ჩემს ქვეყანას, აუცილებლად გადავდგამ ამ ნაბიჯს", - ამბობს ინტერვიუში ბურჭულაძე და აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებას პატრიარქის ლოცვა–კურთხევის გარეშე არ მიიღებს.

კომენტარები