სტიქია დასავლეთ საქართველოში

სამინისტრო: განმეორებითმა სტიქიამ აღდგენითი სამუშაოები შეაფერხა

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალურ მაგისტრალზე განმეორებითმა სტიქიამ აღდგენითი სამუშაოები შეაფერხა. სამინისტროს ცნობით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე, მდინარე ჩხარას ადიდების გამო დაზიანებული საგზაო მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.

"გამთენიისას, ინტენსიური წვიმის ფონზე, მდინარე ჩხარა ისევ ადიდდა და დაზიანებულ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები შეაფერხა. კერძოდ, ღამის განმავლობაში ჩალაგებული წყალგამტარი მილების წალეკვის თავიდან ასაცილებლად აუცილებელი გახდა მათი დემონტაჟი, შეფერხდა შედუღაბების სამუშაოებიც. თავიდან გადაირეცხა და დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. დილიდან დაიწყო განმეორებითი სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია და დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოებიც განახლდა. კერძოდ, იწმინდება მდინარის კალაპოტი და თავიდან ეწყობა წყალგამტარი მილები. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და ავტოტრანსპორტის მოძრაობა მაქსიმალურად მოკლე ვადებში იქნება აღდგენილი. ამ დროისათვის, მოძრაობა გადართულია ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია", - აცხადებს სამინისტრო.

 

კომენტარები