კრიზისი საბერძნეთში

ათენში შემცირებული ხელფასები და გაზრდილი გადასახადები გააპროტესტეს

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

ათენში დასაქმებულებმა შემცირებული ხელფასები, გაზრდილი გადასახადები და უმუშევრობა გააპროტესტეს. ისინი 24 საათის განმავლობაში გაფიცულებიც იყვნენ. გაფიცვის შედეგად, 24 საათის განმავლობაში არ მუშაობდა სახელმწიფო საავადმყოფოები, სკოლები, კომუნალური ტრანსპორტი, საჰაერო ტრანსპორტი, საგადასახადო ოფისები და ა.შ.

ეს იყო პირველი მასობრივი პროტესტი, რომელსაც, ხელისუფლებაში მოსული რადიკალური მემარცხენე კოალიცია სირიზა შეეჯახა. კოალიცია ხალხს მკაცრი ეკონომიის დასრულებას პირდებოდა, თუმცა ევროს შესანარჩუნებლად კრედიტორებისთვის გადასახადების გადახდაზე დათანხმება მოუწია, რამაც ხელფასების შემცირება და გადასახადების ზრდა გამოიწვია. პრემიერმინისტრი ალექსის ციპრასი საპენსიო ასაკის გაზრდასაც დათანხმდა, რათა ამ გზით საბერძნეთმა ფული დაზოგოს.

ამასთან, ცნობილი კანადური გაზეთის, The Globe And Mail-ის ცნობით, დასაქმებულებს ხარჯების შეკვეცის გაპროტესტებისკენ თავად მმართველმა პარტია სირიზამ მოუწოდა. გამოცემის ინფორმაციით, "Syriza-ს შრომითი პოლიტიკის სამმართველომ დასაქმებულებს მიმართა, ნეოლიბერალური პოლიტიკის და ფინანსური და პოლიტიკური ცენტრების მხრიდან შანტაჟის წინააღმდეგ იბრძოლონ".

გუშინდელმა აქციამ ექსცესების გარეშე ჩაიარა, არავინ დაშავებულა და არც არავინ დაუკავებიათ, თუმცა ახალგაზრდების მცირე ჯგუფმა, რომლებიც აქციაზე მყოფ 20 000-ზე მეტ ადამიანს გამოეყო, პოლიციის შენობას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და ქვები დაუშინა. პოლიციამ მათ შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

აქცია ქვეყნის ორი ყველაზე დიდი პროფკავშირების მიერ იყო ორგანიზებული. GSEE და ADEDY კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებულთა უფლებებს იცავენ. მათ ასევე შეუერთდათ კომუნისტური გაერთიანება PAME.

Hellenic Statistics Service-ს მონაცემებით, საბერძნეთში უმუშევართა რაოდენობა ამ მომენტისათვის სარეკორდო 24.9%-ს აღწევს. სხვა ევროპულ ქვეყნებში კი დაუსაქმებელთა რაოდენობა 11%-ს შეადგენს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები