საგარეო ვაჭრობა

2015 წელს მინერალური წყლების ექსპორტი 46%-ით შემცირდა

ecplaza.net

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში ჩამოსხმული მინერალური წლების ექსპორტით მიღებულმა თანხამ $60 მილიონი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით 46%-ით ნაკლებია. მინერალური წყლების ექსპორტის შემცირება რუსულ და უკრაინულ ბაზარზე არსებულ კრიზისს უკავშირდება.

მინერალური წყლების ექსპორტი რუსული ბაზრის გახსნამდე ყოველწლიურად საშუალოდ 12%-25%-ით იზრდებოდა, 2013 წელს რუსული ბაზრის გახსნის შემდეგ წყლების ექსპორტი დაახლოებით 45%-ით გაიზარდა, 2014 წელს კი ეს მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმს, $137 მილიონს გაუტოლდა. 2015 წელს, რუსულ ბაზარზე არსებული კრიზისის გამო, ექსპორტის მაჩვენებლებმა ისევ შემცირება დაიწყო.

  • 2010 წელი - ექსპორტი $36 მილიონი ზრდა 33%
  • 2011 წელი - ექსპორტი $47 მილიონი ზრდა 23%
  • 2012 წელი - ექსპორტი $59 მილიონი ზრდა 20%
  • 2013 წელი - ექსპორტი $106 მილიონი ზრდა 44%
  • 2014 წელი - ექსპორტი $137 მილიონი ზრდა 22%

მინერალური წყლებთან ერთად 2015 წელს საქართველოს ათი უმსხვილესი სავაჭრო საქონლიდან ექვსის ექსპორტი შემცირებულია, მათ შორისაა: ავტოექსპორტი, ღვინის ექსპორტი, მინერალური წყლები, ფეროშენადნობების ექსპორტი, სპილენძის მადნებისა და აზოტოვანი სასუქების ექსპორტი. უმსხვილეს სავაჭრო საქონელთან ერთად მთლიანად ექსპორტის მონაცემები წელს 24%-ით შემცირდა. ექსპორტის შემცირება ლარის გაუფასურების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. 

2014 წელთან შედარებით ზოგიერთ საქონელზე ექსპორტის ზრდაც შეიმჩნევა, ეს საქონელია: თხილი და სხვა კაკალი - ზრდა $6 მილიონი, სამკურნალო საშუალებები - ზრდა $31 მილიონი და ნედლი ნავთობის ექსპორტი, სადაც წელს იანვარ-სექტემბრის მონაკვეთში $52-მილიონიანი ზრდა ფიქსირდება. 

კომენტარები