ტერაქტი პარიზში

ჰაკერთა ჯგუფი Anonymous „ისლამურ სახელმწიფოს" ომს უცხადებს

Anonymous

ჰაკერთა ჯგუფმა Anonymous-მა ისლამურ სახელმწიფოს ომი გამოუცხადა. მათ ვიდეო YouTube-ზე, პარასკევს ღამით, პარიზში განვითარებული მოვლენების შემდეგ ატვირთეს. ვიდეოში ნიღბიანი პირი „ისლამურ სახელმწიფოს" მიმართავს.

„თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ აუცილებლად გიპოვით და არ გაგიშვებთ. ჩვენ დავიწყებთ ყველაზე დიდ ოპერაციას თქვენ წინააღმდეგ. დაელოდეთ კიბერთავდასხმებს. ომი გამოცხადებულია, მოემზადეთ. ფრანგი ხალხი თქვენზე ძლიერია და ამ ძალადობის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდება".

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჰაკერთა ეს დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" დაემუქრა. მათ მსგავსი შინაარსის ჩანაწერები ISIS-ის წინააღმდეგ იანვარშიც გაავრცელეს, გამოცემა Charlie Hebdo-ზე თავდასმის შემდეგ.

Foreign Policy-ის გამოძიების ინფორმაციის თანახმად, ჰაკერული ჯგუფის აქტივისტებმა, "ისლამურ სახელმწიფოსთან" ასოცირებული 149 საიტი გატეხეს, გამოავლინეს 101 000 Twitter-ის პროფილი და 5 900 პროპაგანდისტული ვიდეო.

კომენტარები