ტერაქტი პარიზში

ISIS ახალ ვიდეოს ავრცელებს და ვაშინგტონზე შეტევით იმუქრება

0 კომენტარი
ფოტო: http://www.mirror.co.uk/

ISIS ვაშინგტონზე შეტევით იმუქრება. "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები ახალ ვიდეოს ავრცელებენ, რომელშიც ამბობენ, რომ ის ქვეყნები, რომლებიც სირიაში ავიაიერიშებში მონაწილეობენ, საფრანგეთის ბედს გაიზიარებენ. Reuters-ის ინფორმაციით, მუქარის სიაში პირველი ვაშინგტონია.

13 ნოემბრის ღამეს, საფრანგეთის დედაქალაქში რამდენიმე ადგილას განხორციელებულ ტერაქტს 129 ადამიანი ემსხვერპლა, 352 კი, დაიჭრა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, სახმელეთო საზღვარი ჩაკეტა და ISIS-ის ტერაქტებს "ომის აქტი" უწოდა. 

წუხელ ღამით, საფრანგეთის საჰაერო ძალებმა სირიაში, ქალაქ რაქაში, ISIS-ის ობიექტები დაბომბეს. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის მრჩევლის თქმით, ფრანგულმა თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს "ისლამური სახელმწიფოს" იარაღის საცავსა და ტერორისტების საწვრთნელ ბანაკზე. მისივე თქმით, თორმეტმა თვითმფრინავმა ოცი ჭურვით ყველა სამიზნე გაანადგურა. ISIS რაქას ე.წ. ხალიფატის დედაქალაქად მოიხსენიებს. 

ამასთან, გამოძიებამ პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილი 23 ადამიანი დააკავა და ტერაქტების ორგანიზატორის ვინაობა დაადგინა. სავარაუდოდ, ის 27 წლის აბდელჰამიდ აბაუდია, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების რიგებს სირიაში შეუერთდა. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, აბაუდი ტერორისტულ ჯგუფს ხელმძღვანელობდა და მათი საიდუმლო ლიდერი იყო. იგი აქტიურად მონაწილეობდა 13 ნოემბრის თავდასხმების დაგეგმვასა და ორგანიზებაში. აბაუდი ბრიუსელის რაიონის, მოლენბეკის მკვიდრია. რამდენიმე საათის წინ, მოლენბეკში რეიდები ჩატარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დააკავეს, თუმცა ის აბდელჰამიდ აბაუდი არ აღმოჩნდა.

საფრანგეთის პრემიერმინისტრის მანუელ ვალსის განაცხადებით, პარიზში მომხდარი ტერაქტები სირიაში დაიგეგმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები