ტერაქტი პარიზში

სამძიმრის წიგნი ხვალ, დილის ცხრა საათზე, თბილისის საკრებულოს ფოიეში გაიხსნება

თბილისის მერია

საფრანგეთში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით, სამძიმრის წიგნი ხვალ დილის 9:00-ზე საკრებულოს ფოიეში გაიხსნება. საღამოს შვიდ საათამდე მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, მასში ჩანაწერები დატოვონ.

დღეს კი მოქალაქეები, ფრანგი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად, დილიდან თბილისში საფრანგეთის საელჩოსთან მიდიოდნენ და ყვავილები მიჰქონდათ. საელჩოსთან შეკრებილები ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებდნენ და ამბობდნენ, რომ მსოფლიო უნდა გაერთიანდეს ტერორიზმის წინააღმდეგ. თანამდებობის პირების გარდა, საელჩოსთან მედიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

13 ნოემბრის ღამეს, საფრანგეთის დედაქალაქში რამდენიმე ადგილას განხორციელებულ ტერაქტს 129 ადამიანი ემსხვერპლა, 352 კი, დაიჭრა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, სახმელეთო საზღვარი ჩაკეტა და ISIS-ის ტერაქტებს "ომის აქტი" უწოდა. 

გამოძიებამ პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილი 23 ადამიანი დააკავა და ორგანიზატორის ვინაობა დაადგინა. სავარაუდოდ, ის 27 წლის აბდელჰამიდ აბაუდია, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების რიგებს სირიაში შეუერთდა. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, აბაუდი ტერორისტულ ჯგუფს ხელმძღვანელობდა და მათი საიდუმლო ლიდერი იყო. იგი აქტიურად მონაწილეობდა 13 ნოემბრის თავდასხმების დაგეგმვასა და ორგანიზებაში. აბაუდი ბრიუსელის რაიონის, მოლენბეკის მკვიდრია. რამდენიმე საათის წინ, მოლენბეკში რეიდები ჩატარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დააკავეს, თუმცა ის აბდელჰამიდ აბაუდი არ აღმოჩნდა.

საფრანგეთის პრემიერმინისტრის მანუელ ვალსის განაცხადებით, პარიზში მომხდარი ტერაქტები სირიაში დაიგეგმა. წუხელ ღამით, საფრანგეთის საჰაერო ძალებმა სირიაში, ქალაქ რაქაში, ISIS-ის ობიექტები დაბომბეს. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის მრჩევლის თქმით, ფრანგულმა თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს "ისლამური სახელმწიფოს" იარაღის საცავსა და ტერორისტების საწვრთნელ ბანაკზე. მისივე თქმით, თორმეტმა თვითმფრინავმა ოცი ჭურვით ყველა სამიზნე გაანადგურა. ISIS რაქას ე.წ. ხალიფატის დედაქალაქად მოიხსენიებს. 

კომენტარები