თორდია: პრემიები 31 მილიონით შემცირდა, დანამატები კი 45 მილიონით გაიზარდა

ტაბულა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას განცხადებით, სახელმწიფო უწყებებში პრემიები ნამდვილად შემცირებულია, თუმცა, გაზრდილია სახელფასო დანამატები. 

"სულისკვეთება საქართველოს მთავრობის იყო, რომ შემცირებულიყო პრემიების რაოდენობა, თუმცა, თანხობრივ გამოხატულებაში აუდიტის სამსახური ხედავს, რომ შემცირდა პრემიები, მაგრამ გაიზარდა დანამატები. შესაბამისად, შემდეგი სურათია, რომ 31 მილიონი ლარით შემცირდა პრემიები, ხოლო 45 მილიონით გაიზარდა დანამატების რაოდენობა", - ამბობს თორდია.

როგორც თორდიამ დღეს აღნიშნა, მის მიერ სახელმწიფო უწყებებში გაცემულ დანამატებზე გაკეთებულ განცხადებებს მინისტრისგან სხვადასხვა შეფასებები მოჰყვა, მათ შორის კულტურის მინისტრისგან, რომელმაც განაცხადა, რომ ეს არაადეკვატური დასკვნაა და ის აპელირებდა 2015 წელს კულტურის სამინისტროს ბიუჯეტში დამატებულ სსიპებზე.

თორდიას თქმით, 2015 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, ამ სსიპების გარეშე 2014 წლის პირველი 9 თვის მონაცემებთან შედარებით, კულტურის სამინისტროში დანამატების რაოდენობა გაზრდილია 604%-ით, ხოლო სსიპების ჩათვლით 1509%-ით.

"განცხადება მინდა გავაკეთო ცალკეული მინისტრების გამოხმაურებებზე პრემიების და დანამატების საკითხთან მიმართებაში. განსაკუთრებით მინდა შევეხო კულტურის მინისტრის განცხადებას, თითქოს ჩვენ გავაკეთეთ არაადეკვატური დასკვნა დანამატებთან დაკავშირებით. პრემიების საკითხი, რომელიც ასე თუ ისე დარეგულირდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მან არ გამოიწვია შესაბამისი შედეგი. ჩვენ არ ვსაუბრობთ ხელფასების ზრდაზე და არ ვეწინააღმდეგებით პოლიციელებისთვის, ექიმებისთვის, ჯარისკაცებისთვის შრომის ანაზღაურების ზრდას. ჩვენი შეფასება მიმართულია დანამატებით პრემიების ჩანაცვლებაზე. ჩვენი დასკვნები ემყარება ხაზინის სამსახურის მიერ მოწოდებულ ციფრებს. კულტურის სამინისტროში დამანატები გაზრდილია 1509%-ით. კულტურის სამინისტროს დაემატა სიპები და მათი თანხების აკუმულირება მოხდა მთლიანად სამინისტროს ბიუჯეტში, თუმცა ამ სიპების გამოკლებით 2015 წლის პირველი 9 თვეს 2014 წლის პირველ 9 თვესთან შედარებით 604%-ით არის გაზრდილი დანამატების რაოდენობა", - თქვა თორდიამ.

კომენტარები