აქციზის ზრდა

1 იანვრიდან, ალკოჰოლური სასმელების ნაწილსა და თამბაქოზე აქციზის ფასი იზრდება

მიკაელა რელე / REUTERS

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, 1 იანვრიდან თამბაქოს პროდუქციასა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთი მოიმატებს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტი მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განიხილეს. სამინისტრო აღნიშნავს, რომ კანონპროექტის მიღების მიზანია, "თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრება, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის ოპტიმიზაცია".

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის მიხედვით, 2016 წლის 1 იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთის ზრდა დაგეგმილია:

- ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,20 ლარის ოდენობით;
- უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,05 ლარის ოდენობით;
- სიგარებზე ერთ ღერზე და სიგარალებზე 20 ღერზე - 0.4 ლარით;
- ყალიონით მოსაწევ და საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე 1 კგ-ზე - 5 ლარით.
• ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის პროპორციული განაკვეთი იზრდება 5 დან 10 პროცენტამდე.
• ასევე 2016 წლის 1 იანვრიდან ვისკიზე, რომზე და ტაფიაზე, ჯინისა და ღვიის ნაყენზე აქციზის განაკვეთის 10 ლარიდან 15 ლარამდე, ხოლო სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე და ეთილის სპირტზე (გარდა, ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით მიღებული სპირტის ნაყენებისა, ლიქიორებისა და ზოგიერთი სხვა დაბალ ალკოჰოლური სასმელისა), აქციზის განაკვეთი გაიზრდება - 10 ლარამდე.

მთავრობის სხდომაზე განხილვის შედეგ საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს გაეგზავნება.

აქციზის გაძვირებას თან ორი ძირითადი უარყოფითი შედეგი მოსდევს: პრიველი ეს არის დაუნთრეიდინგი, როდესაც მომხმარებლები სიგარეტის გაძვირების გამო უფრო იაფიან ალტერნატივებზე გადადიან. რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიზანი, სიგარეტის უარყიფითი გავლენისგან დაიცვან მოსახლეობა, პირიქით, გაზრდილი ზიანით იცვლება, რადგანაც ზოგადად დაბალხარისხიანი თამბაქოს ნაწარმი უფრო ძვირიან ალტერნატივებთან შედარებით უფრო მავნებელია. მეორე თანმდევი პრობლემა კი ინფლაციის ზრდაა. იმის გამო, რომ სიგარეტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქონელია, აქციზის გაძვირებით მისი ფასის ხელოვნური ზრდა ინფლაციაზეც ახდენს გავლენას.

სახელმწიფოს მიერ თამბაქოს ნაწარმზე დამატებითი გადასახადების შემოღება მიზნად სიგარეტის ფასის ზრდას ისახავს, რაც შემდეგ სიგარეტის გაყიდვების მოცულობის კლებაში უნდა გამოისახოს. შედეგად კი ბაზარზე მომხმარებლები უფრო ნაკლებ სიგარეტს ყიდულობენ, რითიც მთავრობები, გავრცელებული შეხედულებით, თამბაქოს მომხმარებლების ჯანმრთელობას იცავენ.

ცნობისთვის, თამბაქოს პროდუქციაზე აქციზი ერთხელ უკვე გაიზარდა. 2013 წლის სექტემბერში აქციზის განაკვეთმა კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე - 15, ხოლო უფილტროზე 5 თეთრით მოიმატა.

 

კომენტარები