აბაშიძე-კარასინის ფორმატი

მთავრობა: აბაშიძემ კარასინთან შეხვედრაზე მავთულხლართებზე ისაუბრა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კარასინი-აბაშიძის გუშინდელ შეხვედრაზე პრემიერმინისტრის წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ადამიანების სისტემატური დაკავებების, გალის რაიონის სასწავლო დაწესებულებებში ქართული ენის შეზღუდვისა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე მავთულხლართების აღმართვის თაობაზე ისაუბრა. 

"ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთის ამგვარი ნაბიჯები წარმოადგენს, როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპის, ადამიანური ნორმების უხეშ დარღვევას. ყოველივე ეს უქმნის სერიოზულ საფრთხეს ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ითქვა, რომ ზემოაღნიშნულის პრევენციისთვის ქართული მხარე იყენებს და მომავალშიც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ დიპლომატიურ ბერკეტებს საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური ინფორმირების მიზნით.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემების განხილვისა და მოგვარების უმთავრეს ფორმატს", - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს პრაღის ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული ხასიათის საკითხები.

"მიღწეულ იქნა კონკრეტული შეთანხმებები, კერძოდ, რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ნომენკლატურის გაფართოების, ასევე სატრანსპორტო გადაზიდვების ზრდის კუთხით. აღინიშნა, რომ 2015 წლის 9 თვის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იკლო 8,9%-ით და შეადგინა 530,3 მლნ აშშ დოლარი. რუსეთში საქართველოს ექსპორტი შემცირდა 47,1%-ით და განისაზღვრა 112 მლნ აშშ დოლარით. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის კლების მიუხედავად, შეიმჩნევა მნიშვნელოვანი ზრდა რუსეთის მიმართულებით ქართული კომპანიების მიერ სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების კუთხით. კერძოდ, 2015 წლის იანვარ-სექტემბერში მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც საავტომობილო, ისე საავიაციო მიმოსვლის მოცულობა, რამაც ხელი შეუწყო საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდას (14,6%). რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რათა უახლოეს მომავალში ამოქმედდეს გამარტივებული სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიებისთვის. განხილულ იქნა ასევე ჰუმანიტარული საკითხები, კერძოდ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში იხდიან სასჯელს ჯაშუშობის ბრალდებით. აღინიშნა, რომ სავარაუდოდ უახლოეს მომავალში მიღებულ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები, რომლის საფუძველზეც ჩვენი ქვეყნის რამდენიმე მოქალაქე დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს", - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია და აღნიშნავს, რომ პრაღაში მომდევნო შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

კომენტარები