საჯარო ფინანსები

ცისკარიშვილი: მთავრობა ბიუჯეტს შიდა ვალის აღებით ავსებს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, მთავრობა ბიუჯეტს შიდა ვალის აღებით ავსებს. ცისკარიშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნების მთავრობამ 1.7 მილიარდზე მეტად გაზარდა შიდა ვალის აღება, რაც უახლოეს მომავალში ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება, რადგანაც მათი გადახდის დრო მოვა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მთავრობამ 9.5-მილიონიანი შიდა ვალი 18 ნოემბერსაც აიღო, ვალის საპროცენტო განაკვეთი 14.2%-ს შეადგენს. 

"ერთი შეხედვით, მთავრობა თავს იწონებს და გვეუბნება, რომ ბიუჯეტს გადაჭარბებით ასრულებენ, ხოლო მეორე ხელით მიდიან და ჩვენი ქართული კომერციული ბანკებიდან იღებენ ვალებს. ბოლო ორ-სამ კვირაში დაიმატეს 30 მილიონი ლარის სესხი, რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანად ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩვენი შიდა ვალები 1.7 მილიარდს აღემატება, რაც არის კატასტროფული მაჩვენებელი. ეს ვალები არის უაღრესად ძვირიანი. ბოლო გუშინ აღებული სესხი არის 14%-ზე მეტი. გასაგებია, რომ ლარს უკვე აღარ ენდობა არც ქართული ბანკები, აღარც ხელისუფლება, რასაკვირველია, აღარც ჩვენი თანამოქალაქეები, მაგრამ მაინც ასეთი ტიპის ვალების აღება 14%, 15%-ში არის კატასტროფის მომტანი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის შემდეგი 2 წლის განმავლობაში. თუ ბიუჯეტს გადაჭარბებით ასრულებენ, მაშინ რაღაში ჭირდებათ ძვირიანი ვალის აღება ქართული ბანკებიდან? სინამდვილეში, მიუხედავად იმისა, რომ ლარი არის გაუფასურებული და აქედან გამომდინარე მათ უადვილდებათ ბიუჯეტის შესრულება, მაინც არ ყოფნით ფული, განსაკუთრებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე. იმისათვის, რომ საყოველთაო ჯანდაცვა შენარჩუნებული იქნეს, ჩვენი ქვეყანა იღებს ვალებს, სესხებს, შემდეგ კი ძალიან ძვირი უჯდება ამის გასტუმრება", - ამბობს ცისკარიშვილი.

გასულ წელთან შედარებით, შიდა ვალის საპროცენტო განაკვეთები გაძვირდა, ერთწლიანი სახაზინო ვალდებულებების ღირებულება 45%-ით გაიზარდა, 2-წლიანის - 49%-ით, 5-წლიანის - 35%-ით, 10-წლიანი ვალდებულებებისა კი გასული წლის მანძილზე 16%-ით გაიზარდა. საპროცენტო განაკვეთის ზრდა ბიუჯეტის დაფინანსების ამ წყაროს გაძვირებას ნიშნავს.


ფოტო: mof.ge

შიდა ვალის აღების მოცულობა განსაკუთრებით გასული სამი წლის მანძილზე გაიზარდა. 2009 წელს მთავრობამ 260 მილიონი ლარის მოცულობის შიდა ვალი აიღო, 2010 წელს - 172 მილიონი, 2011 წელს შიდა ვალის აღება 91 მილიონამდე შემცირდა, 2012 წელს ვალი 58 მილიონი იყო. 2013 წლიდან მთავრობამ 150 მილიონის შიდა ვალი აიღო, 2014 წელს კი შიდა ვალის მოცულობამ 573 მილიონს მიაღწია. 


ფოტო: mof.ge

შიდა ვალის აღების ზრდის გამო სახელმწიფო გახდა საკრედიტო ბაზარზე წამყვანი მსესხებელი. ფაქტმეტრის კვლევის მიხედვით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები 476 მლნ ლარით გაიზარდა, აქედან 305 მლნ ლარი (64%) სახელმწიფომ ისესხა.


ფოტო: mof.ge

ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი 2016 წლის ბიუჯეტის პროექტით შიდა ვალის აღების 300 მილიონით შემცირებას მიესალმება და ამბობს, რომ ამ შემცირების მიუხედავად, მთავრობა 200 მილიონი ლარის მოცულობის შიდა ვალს მაინც იღებს, რაც ნეგატიურ ტენდენციას წარმოადგენს. ხორგუაშვილის თქმით, შიდა ვალის მოცულობის ზრდა საკრედიტო რეიტინგებში საქართველოს პოზიციის გაუარესებასთან არის კავშირში.


ფოტო: mof.ge

საშინაო ვალის აღება საკრედიტო რესურსებზე ზრდის მოთხოვნას, ბაზარზე სახელმწიფოს ჩარევის შედეგად წარმოიქმნება დამატებითი მოთხოვნა, რაც სესხების საპროცენტო განაკვეთების ზრდაშიც აისახება. განაკვეთის ზრდა კი, თავის მხრივ, კერძო სექტორს საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობას უმცირებს. შიდა ვალით არა კონკრეტული პროექტები, არამედ მთლიანი ბიუჯეტი ფინანსდება.

კომენტარები