პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში

ბურჭულაძე პოლიტიკაში მოსვლაზე: არც კის გეუბნებით, არც არას

facebook.com/paata.burchuladze.9

მომღერალი პაატა ბურჭულაძე არ გამორიცხავს, პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთოს. ამის შესახებ მან განცხადება დღეს გააკეთა.

"არასდროს მიფიქრია, ვყოფილიყავი ოპერის მომღერალი, მაგრამ ცხოვრებამ ასე ამიძულა, უფრო სწორად, მომცა ამის შანსი და მე გამოვიყენე. არასდროს მინდოდა, ვყოფილიყავი ქველმოქმედი, მაგრამ ცხოვრებამ შექმნა ეს პირობები, რომ გავხდი ქველმოქმედი. დღესდღეობით მე ჩამოვაყალიბე ფონდი, თუ კიდევ რამე მოხდება, მე არ უარვყოფ, არც კის გეუბნებით, არც არას. თუ ცხოვრება მაჩვენებს, რომ ეს არის ჩემი გზა, მე ამას აუცილებლად გავაკეთებ", - თქვა ბურჭულაძემ.

როგორც ბურჭულაძემ თქვა, მან დროებით ყველა საკონცერტო კონტრაქტი გააუქმა, რადგან, მისი თქმით, მის მიერ დაფუძნებული საქართველოს განვითარების ფონდისთვის ასეა საჭირო.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა თავის საპრეზიდენტო კანდიდატობას, ბურჭულაძე პასუხობს, რომ გამორიცხავს ამ თემაზე საუბარს.

ბურჭულაძისვე თქმით, მას ამ თემაზე უკვე ჰქონდა კონსულტაციები ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან და თავისუფალი დემოკრატების ლიდერ ირაკლი ალასანიასთან.

პაატა ბურჭულაძე დღეს დილიდან ხვდება საქართველოს განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ვანო მაჭავარიანს და ფონდის წევრებს - ხათუნა ლაგაზიძეს, დავით ჯანდიერსა და გიორგი რუხაძეს.

კომენტარები