ტერორიზმი

ვებრძოლოთ ტერორიზმს ტერორიზმამდე

რამდენიმე დღეა, ვკითხულობ პარიზის ტერაქტების შეფასებებს: რა უნდა ეღონა საფრანგეთს, რა შეცდომა დაუშვა, როგორ უნდა აეცილებინა საფრთხე... ამასთან, გავლენიანი დასავლური გამოცემები წერენ, რომ ტერაქტები მოსალოდნელი იყო.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რამდენიმე შედარება გაკეთდეს მიმდინარე თუ წარსულ გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელიც დაგვეხმარება გავიგოთ, როგორი სახე აქვს დღევანდელ ტერორიზმს.

  • გავრცელებული აზრით, ტერორისტებისთვის საკმარისია მხოლოდ ერთხელ მიაღწიონ წარმატებას. მათ მიერ ერთჯერადი წარმატების მიღწევა სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ ათწლეულობით გაგრძელებული მათივე წარუმატებლობა გადაფაროს. იგივე 9/11 ტერაქტი, რამდენიმე ჩაშლილი და მეტ-ნაკლებად კარგად დაგეგმილი მცდელობის შემდეგ შედგა. ტერორიზმის სული ბევრად უფრო მდგრადია, რადგან იდეასთან, რწმენასთან აქვს კავშირი, რამდენადაც ბრუტალური არ უნდა იყოს ეს უკანასკნელი.
  • ტექნიკურად, პარიზის ტერაქტი ნამდვილად არ გამოირჩევა "ორიგინალურობით". ის დაახლოებით ისე წარიმართა, როგორც მუმბაის ტერაქტები. "Bataclan"-ის აღება კი შეგვიძლია "ნორდ-ოსტის" ტერაქტს შევადაროთ. თუმცა, საერთო სურათი მუმბაიში განხორციელებულ ძალადობის აქტს უფრო იმეორებს, ვიდრე რომელიმე სხვას. პარიზის ტერაქტი არ გამოირჩევა ექსტრაორდინარულობით. ის სხვა ტერორისტულ აქტებს შორის, შესაძლებელია, გამორჩეული იყოს მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპის გულში - ისტორიულად პირველ თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის რესპუბლიკაში მოხდა. შედარებისთვის, ტერორისტების მიერ ტექნიკურად ახალი ბრძოლის ხერხებისგან გამოვარჩიოთ იაპონური ტერორისტული ორგანიზაციის - "ომ შინრიკიოს" მიერ მეტროსადგურებში მომწამვლელი ნივთიერების - "ზარინის" გაშვება. ასევე, "ალ კაიდას" მიერ თვითმფრინავების რაკეტებად გამოყენების იდეა 9/11-ის ტერაქტისას.

შეუძლიათ თუ არა მთავრობებს მსგავსი ტერაქტების აცილება?

საფრანგეთი არცთუ ისე ხელწამოსაკრავი ქვეყანაა უსაფრთხოებისა და სპეცდანიშნულების სამსახურების ძლიერების საკითხში. ბევრისგან განსხვავებით, ფრანგებს ტერორიზმთან ბრძოლის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ ჯერ კიდევ ალჟირის ომის, შარლ დე გოლზე წარუმატებელი თავდასხმების, კორსიკელ და ბასკ ნაციონალისტებთან ბრძოლის დროიდან.

იშვიათად საუბრობენ 1979 წელზეც, როდესაც მექაში საუდელმა ტერორისტებმა აიღეს ე.წ. დიდი მეჩეთი - "ალ მასჯიდ ალ ჰარამ", სწორედ ფრანგული ანტიტერორისტული სპეცსამსახური (Groupe d’Intervention de la Gendarmerie Nationale (GIGN)) მიიწვია საუდის მთავრობამ დახმარებისათვის (კურიოზული ფაქტიც მოხდა - სპეცრაზმელებს დროებით ისლამის მიღებაც კი მოუწიათ, რადგანაც მექაში მუსლიმების გარდა სხვებს შესვლა ეკრძალებოდათ). 1994 წელს კი იმავე სპეცსამსახურის წევრებმა მოახერხეს Air France 8969 რეისის 229 მგზავრისა და ეკიპაჟის წევრების სიცოცხლის და ეიფელის კოშკის აფეთქებისგან გადარჩენა.

ფრანგული სპეცსამსახურების ეფექტურობაზე კითხვის ნიშნის დასმა რთულია. თუნდაც პარიზის საკონცერტო დარბაზის ოპერატიული და მინიმალური მსხვერპლით ჩავლილი შტურმიც ამას ადასტურებს. შედარებისთვის, შეგვიძლია გავიხსენოთ არაეფექტური ანტიტერორისტული ოპერაციებიც. იგივე "ნორდ-ოსტის" შტურმი, რომელიც კატასტროფული შედეგებით დასრულდა.

მიუხედავად ყველაფრისა, პარიზის ტერაქტები მაინც შედგა. ჰქონდათ თუ არა საფრანგეთის მთავრობასა და სპეცსამსახურებს მათი თავიდან აცილების შანსი? - ყოველთვის არსებობს ტერაქტების აცილების შანსი, თუმცა უმეტესად ეს შანსები "post factum", მომხდარი ტერაქტის შემდეგ, მოსალოდნელ ტერაქტებთან დაკავშირებით არსებობს.

ტერაქტების წარმატებაც, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ტერორისტისთვის, ხშირად იღბალზეა დამოკიდებული. მაგალითად, 2005 წელს, თბილისში, ჯორჯ ბუშის ვიზიტისას, მიუხედავად უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებისა, ვოვა არუთინიანმა მაინც შეძლო ხელყუმბარის სროლა, რომელიც იღბლად არ აფეთქებულა. იღბალმა იხსნა აგრეთვე American Airlines პარიზი-მაიამის რეისის მგზავრებიც 2001 წელს, როდესაც პოტენციურმა თვითმკვლელმა რიჩარდ რიდმა ვერ შეძლო ცეცხლი მოეკიდებინა ფეხსაცმელში ჩამალული დეტონატორისთვის (მან მოახერხა ამერიკაში მიმავალ ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების შეტანა 11 სექტემბრიდან ლამის 2 თვის თავზე).

როგორც ტერორისტისა ან/და ტერორისტული ორგანიზაციის დაგეგმილი ქმედება, ისევე უსაფრთხოების სამსახურების წარმატებაც იღბალზეა დამოკიდებული. რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს ამის მოსმენა, ვერავინ შეძლებს ჩვენი უსაფრთხოების სრულად უზრუნველყოფას. ვერცერთი ქვეყნის სპეცსამსახური, რაც უნდა კარგად მომზადებული და წელში გამართული იყოს ის.

ტერორიზმთან ბრძოლის მეთოდოლოგია არ არის სტატიკური. იგივე, ზემოთ აღნიშნული პრინციპები არ გამოდგება 1970-80-იანი წლების ტერორიზმზე მსჯელობისთვის, როდესაც ტერორისტული აქტები ხორციელდებოდა მკაცრი იერარქიული სტრუქტურების მქონე ორგანიზაციების მიერ და მასში რომელიმე საშუალო რგოლის პირის ლიკვიდაციას (ან დაკავებას) შეეძლო მთელი ტერაქტი ჩაეშალა.

ახლა საკმარისია სამი თანამზრახველი და ცოტაოდენი ტროტილი ფართომასშტაბიანი აგრესიის განსახორციელებლად, რომელიც გლობალურ უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს (მაგალისთისთვის, 2005 წლის ლონდონის ტერაქტები). მეტიც, ტერორისტობა ზედმეტად ადვილიც კია, თუ ორგანიზებული სტრუქტურის ნაწილი არ ხარ. საკმარისია ინტერნეტში მოპოვებული ინფორმაციაც ხელნაკეთი ასაფეთქებლების შესახებ.  

დღესდღეობით, რაც უფრო ნაკლები ადამიანია ინფორმირებული, მით უფრო მეტი შანსი ეძლევათ ტერორისტებს.

ყურადღების ღირსია ტერორისტული ორგანიზაციის "ალ კაიდას" მაგალითიც, რომელშიც არ არსებობს კლასიკური ვერტიკალი და სტრუქტურა. ის უფრო ჰორიზონტალური და ქსელურია. სწორედ ამიტომ, მასთან ბრძოლა კოლოსალურად დიდ დანახარჯებსა და დროს დაუკავშირდა. ის მას შემდეგაც ვერ განადგურდა, როცა ბინ ლადენის ლიკვიდაცია მოხდა (განსხვავებით იაპონური "ომ შინრიკიოსგან". მისი ლიდერის მოკვლის შემდეგ ფაქტობრივად აღარ არსებობს).

სწორედ ამიტომ, საფრანგეთის ხელისუფლების დადანაშაულება არასწორად მიმაჩნია. ეს სწორი იქნებოდა, თუ ისინი ტერაქტების შემდგომ, რეაგირების ეტაპზე შეცდომებს დაუშვებდნენ.

ტერორისტების ზრახვების ჩაშლის სირთულეები:

ხშირად ქვეყნების სპეცსამსახურები ტერორიზმთან პროაქტიულად მოქმედებისას სირთულეებს აწყდებიან, რაც სრულებით ბუნებრივია.

ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია ადამიანის უფლებები და სხვა დემოკრატიული სიკეთენი, რაზეც ვერცერთი ცივილიზებული ქვეყანა ვერ იტყვის უარს. თუმცა, აქ მნიშვნელოვანია უფლებაში ჩარევის აუცილებლობისა და თანაზომიერების საკითხი. მაგალითისთვის, ნაკლებსავარაუდოა მსგავსი ტიპის ტერაქტი მოხდეს ისრაელში, რადგან შეუძლებელია ხალხმრავალ ადგილში უსაფრთხოების ზომები არ იყოს გატარებული. შეუძლებელია თელ-ავივის საკონცერტო დარბაზის დერეფნებში იბოდიალოს ადამიანმა სუიციდური ქამრით, ჩხრეკისა და შემოწმების გარეშე. ისრაელმა ბევრად რთული გახადა ისრაელის მოქალაქის მოკვლა ტერორისტის მიერ.

ცნობილია, რომ პარიზის ტერაქტებამდე რამდენიმე ხნით ადრე, ბავარიაში დააკავეს პირი, რომელსაც მანქანით გადაჰქონდა იარაღი და ასაფეთქებელი საშუალებები, GPS-ში კი დანიშნულების ადგილად პარიზი ჰქონდა მითითებული. ამ პირმა დუმილის უფლება გამოიყენა. მის მიმართ დაკითხვის "შუა საუკუნეების" მეთოდები რომ გამოეყენებინათ, დიდი ალბათობით, მეორე დღესვე ვრცელ ინფორმაციას გადმოაფრქვევდა.

ამ შემთხვევაში ჩნდება დილემა, რომელიც ადამიანის უფლების გამარჯვებით სრულდება, რადგან მათზე უარის თქმა უკვე თავისთავად იქნებოდა ტერორისტების უდიდესი გამარჯვება, სხვა ყველა სამართლებრივ თუ სოციალურ-პოლიტიკურ არგუმენტებს რომ თავი დავანებოთ წამების საწინააღმდეგოდ. 

პრობლემაა საზღვრების გახსნილობაც. ევროკავშირის შიგნით არსებული სახელმწიფო საზღვრების გახსნილობიდან გამომდინარე, რთული არ არის იარაღის უკანონოდ შეძენა საფრანგეთიდან რამდენიმე ათასი კილომეტრით დაშორებულ წევრ ქვეყანაში და შემდეგ მისი გადატანა საფრანგეთში. ჩემი აზრით, ამ პოლიტიკის გადახედვაც ისეთივე წარმატება იქნება ტერორისტებისათვის, როგორსაც მათ რამდენიმე დღის წინ მიაღწიეს.

მესამე და ძირითადი პრობლემა კი დღევანდელ ტერორიზმში არის თავად ტერორისტების წარმოშობა. პარიზის ტერაქტებზე პასუხისმგებელი პირების უმრავლესობა საფრანგეთისა და ბელგიის მოქალაქენი არიან. მეორე თაობა - დაბადებული ბელგიასა თუ საფრანგეთში. ფრანგულენოვანი ახალგაზრდები, რომელთაც ვერ იპოვეს თავიანთი თავი საზოგადოებაში და "ფესვებს" დაუბრუნდენენ. კიდევ უარესი - დაუბრუნდნენ ამ "ფესვების" ყველაზე ცუდ და სისხლიან გაგებას (ე.წ. მეორე თაობას ასევე წარმატებულად იყენებდა KGB ამერიკის წინააღმდეგ, ცივი ომის და პოსტცივი ომის პერიოდში)

ბუნებრივია, რომ ეთნორელიგიურ ჯგუფის წევრებს თუ რამდენიმე თაობაშიც არ შეუძლიათ ასიმილირება, ეს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს იმიგრაციული პოლიტიკის გამკაცრების მოთხოვნას ევროპასა და ამერიკაში.

რა შეუძლია გააკეთოს სახელმწიფომ მათ წინააღმდეგ? 

სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქეების რადიკალ ექსტრემისტებად გახდომის თავიდან აცილება შეუძლია, სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელია მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია და მათი ნამდვილ მოქალაქეებად ქცევა, ამ სიტყვის მატერიალური გაგებით. რადიკალიზაციის შემდგომ კი მათი „მობრუნება“ შეუძლებელი ხდება. ამ ეტაპის შემდეგ ეჭვი მეპარება, რაიმე სხვაზე იყოს საუბარი, გარდა დაჭერის ან/და ლიკვიდაციისა.

1. სახელმწიფო უნდა შეეცადოს მოსახლეობის ყველა ფენის ინტეგრაციას საზოგადოებაში, მან არ დაუშვას მოსახლეობის ცალკეული "კუნძულების" არსებობა. არ უნდა დაუშვას უმცირესობების ჩაგვრა, რადგანაც უმცირესობა, რომელიც ჩაგრულად გრძნობს თავს, ხშირად ძალადობრივი გამოსავლის ძიებას იწყებს. ეს პრიორიტეტი რელევანტურია საქართველოს შემთხვევაშიც.

2. უნდა ებრძოლოს რადიკალურ ისლამისტურ ექსტრემიზმს და უნდა მოახერხოს ბრძოლის კვლავ მის ტერიტორირაზე გადატანა. ხშირად ეს პროცესი ჩიხში შედის, რადგან ბევრს ექსტრემიზმი და ძალადობა მულტიკულტურალიზმის გამოვლინებაში ერევა ხოლმე. არსებობს მყარი ღირებულებები, რომლების შეცვლაც არანაირი მულტიკულტურალიზმის ეგიდით არ შეიძლება. თუ ადამიანი ქადაგებს მხატვარ-კარიკატურისტების თუ მწერლების მოკვლას, ის ექსტრემისტია. თუ ვინმეს სურს 13 წლის გოგონაზე დაქორწინება ან რომელიმე ავღანელს სურს 12 წლის ბიჭი "მხევლად" ჰყავდეს - ის ჩვეულებრივი პედოფილია. პედოფილია არ შეიძლება იყოს "კულტურული პლასტის" ნაწილი. ჩვენ უნდა შეთანხმებულები ვიყოთ, რა არის ძალადობა, ექსტრემიზმი თუ ტერორიზმი.

ბრიტანეთის იმპერიის გენერლის, ინდოეთში ბრიტანული არმიის მთავარსარდლის - ჩარლზ ჯეიმზ ნაპიერის არ იყოს:

"ნება თქვენია. ქალების დაწვა თქვენი ჩვეულებაა; მოამზადეთ სამგლოვიარო კოცონი. თუმცა ჩემს ხალხსაც აქვს ჩვეულება. როდესაც კაცები ცოცხლად წვავენ ქალებს, ჩვენ მათ ჩამოვახრჩობთ და მათ ქონებას კონფისკაციას ვუკეთებთ. ამიტომაც ჩემმა დურგლებმა სახრჩობელები უნდა აღმართონ, რათა ჩამოვახრჩოთ ყველა, ვინც კავშირშია ქვრივის დაწვასთან. მოდი, ყველამ ვიმოქმედოთ ჩვენ-ჩვენი ჩვეულებების მიხედვით".

(საუბარია ინდური ტრადიციის - "სატის“ შესახებ, რომლის მიხედვითაც, კაცის გარდაცვალების შემდეგ მის ქვრივს კოცონზე წვავდნენ. ნაპიერმა აღნიშნული აკრძალა, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა)

3. სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურები მუდმივად მზად უნდა იყვნენ პროაქტიულად და post factum მუშაობისთვის. თუმცა ეს ყოველდღიური "რუტინა" ისედაც ბევრ ქვეყანაში დაცულია. სახელმწიფო სამსახურებს არ სძინავთ. უბრალოდ, მათ არასოდეს უნდა დაუშვან შეცდომა და იშვიათად უნდა უმტყუნოთ იღბალმა.

კომენტარები