საარჩევნო სისტემის რეფორმა

უმრავლესობის წევრები საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ინტერპარტიულ ჯგუფს ხვდებიან

0 კომენტარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიულ ჯგუფს ხვდებიან. შეხვედრა დახურულია და ზუსტი დეტალები ამ დროისთვის უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ საუბარი საარჩევნო სისტემას შეეხება, რომლის შეცვლასაც ოპოზიცია 2016 წლის არჩევნებისთვის ითხოვს. 

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მზად არიან კომპრომისისთვის, თუმცა პრინციპული საკითხია მაჟორიტარული სისტემის გაუქმება, რაც 2016 წლის არჩევნებისთვის უნდა მოხდეს. 

"ყველაზე მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხი, რომელიც იყო უკვე მრავალი წელიწადია ჩვენი ქვეყნის საარჩევნო სისტემის მთავარი აქილევსის ქუსლი, ეს არის მაჟორიტარული სისტემის გაუქმების აუცილებლობა. ეს დღესაც დგას და უპრინციპულესი საკითხი არის, რომ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ცივილიზებული საარჩევნო სისტემა შემოვიღოთ ქვეყანაში არა აბსტრაქტულ 2020-ში და 2030-ში, არამედ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიდანვე" - აცხადებს გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ახვლედიანი.

რაც შეეხება სახელისუფლებო გუნდს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ვიცე სპიკერი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ 2016 წლისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმება ვერ მოესწრება, რადგან უმრავლესობაში არიან დეპუტატები, რომლებიც ამას არ ემხრობიან. 

"2016 წლისთვის მოხდება რეფორმირება იმ საარჩევნო ოლქების, რომელიც დღეს არსებობს - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, რომ მანდატების გამოთანაბრება მოხდეს. ხოლო 2020 წლიდან მოხდეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ეს ორსაფეხუროვანი რეფორმა პასუხობს ყველა პოლიტიკური ძალის თუ დაინტერესებული ფენის ინტერესს, რომ საარჩევნო რეფორმა განხორციელდეს. 2016-ში ამის შესაძლებლობა არ არის, პარლამენტში კოალიციაში მაჟორიტარულ სისტემას ჰყავს თავისი მხარდამჭერები და ჩვენ არ ვართ ის უმრავლესობა, რომელიც ძალდატანებით აღებინებს გადაწყვეტილებებს თავის წევრებს" - აცხადებს ძიძიგური.

შეგახსენებთ, რომ არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო სექტორი. მათი ძირითადი მოთხოვნაა მაჟორიტარული სისტემის გაუქმება, რაც ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. გარდა ამისა, მიმდინარე წლის 30 მაისს პრეზიდენტის ინიციატივით გამართული კონფერენციის მონაწილეებმა საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე დოკუმენტი გააფორმეს. შეთანხმებას ხელს რვა არასამთავრობო ორგანიზაციის და თოთხმეტი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები აწერენ. ხელმომწერები საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ წინადადებით, გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და ქვეყანა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.

საარჩევნო სისტემის რეფორმის საკუთარ გეგმა გამოაქვეყნა ქართულმა ოცნებამაც. გეგმის მიხედვით, 2016 წლის არჩევნებისთვის უზრუნველყოფილი იქნება საარჩევნო ოლქებს შორის თანასწორობის პრინციპის დაცვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ევროპის საბჭოს 2002 წლის პრაქტიკის კოდექსის შესაბამისად, რომლის თანახმად, "ნორმიდან დასაშვები გადახრა არ უნდა აღემატებოდეს 10 პროცენტს და არავითარ შემთხვევაში 15 პროცენტს, გარდა განსაკუთრებული გარემოებებისა". გარდა ამისა, მმართველი კოალიციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შემოღებულ იქნება 50-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი მაჟორიტარული არჩევნებისთვის.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები