საჯარო ფინანსები

აუდიტი: მინისტრის ჯიპში ჩასხმული საწვავი და გავლილი მანძილი აცდენაშია

0 კომენტარი
TOYOTA LandCruiser 200 ფოტო: polyair.com.au

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამინისტროში რამდენიმე მნიშვნელოვანი დარღვევა გამოვლინდა. დარღვევათა შორის 2014 წელს მინისტრის ჯიპის TOYOTA LandCruiser 200-ის  საწვავით უზრუნველყოფის ხარჯებიც მოხვდა, რომლის ზუსტი დაანგარიშების მიზნითაც აუდიტის სამსახურმა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმართა.

2014 წლის განმავლობაში TOYOTA LandCruiser 200-ზე ბიუჯეტიდან გაწეულია 15817 ლიტრი საწვავის ხარჯი. ამ პერიოდში ავტომობილის (ე.წ. ოდომეტრების) გავლილი მანძილის აღრიცხვა არ ხდებოდა, რის გამოც აუდიტის სამსახურმა გასავლელი მანძილი ფაქტიურად მოხმარებული საწვავის ოდენობაზე დაყრდნობით გამოთვალა. ავტომობილის ტექნიკური პასპორტის მიხედვით გარბენი გაანგარიშდა მაქსიმალური წვის მოცულობით 19ლ/100კმ. დაანგარიშებით დადგინდა, რომ TOYOTA Land Cruiser 200-ის მინიმალური გარბენი უნდა ყოფილიყო 165900 კილომეტრი, თუმცა როგორც სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ მომზადებული დასკვნით დგინდება, 2015 წლის 18 თებერვალს ხსენებული სატრანსპორტო საშუალების გარბენი შეადგენდა 104500 კილომეტრს.

ავტომობილის ოდომეტრის ჩვენების თანახმად, გარბენმა ფაქტობრივად გაწეული საწვავის ხარჯთან მიმართებაში მინიმუმ 61400 ათასი კილომეტრით ნაკლები შეადგინა. აღნიშნული შეუსაბამობის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, აუდიტის სამსახურმა დამატებითი პროცედურაც ჩაატარა. აუდიტმა საწვავით მომარაგებლისგან, კომპანია ლუკოილისგან მიიღო ინფორმაცია საწვავის შევსების შესახებ, კონკრეტული დროისა და რაოდენობების მითითებით. მიღებული ინფორმაცია შედარდა ავტომობილის შესაბამისი თანამდებობის პირის ქვეყნის გარეთ მივლინებაში ყოფნის პერიოდთან და დადგინდა, რომ მივლინებული პირის საქართველოს ტერიტორიაზე არ ყოფნისას მასზე, მიმაგრებულ (TOYOTA LandCruiser 200 სახ. ნომრით FCF 778) ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სისტემატიურად ხდებოდა საწვავის შევსება. ხსენებულ პირობებში ჩასხმულია 3616 ლიტრი საწვავი.

ანალოგიურ ვითარებაში, ავტომობილ MITSUBISI Pajero სახ. ნომრით XCX 070 -ჩასხმულია 2497 ლიტრი საწვავი, ამავაე სამინისტროს კუთვნილ ავტომობილში კი LEXUS LS460 სახ. ნომრით LYL 767 ჩასხმულია 865 ლიტრი საწვავი.

უცნობია თუ რაში დაიხარჯა ამ ავტომობილებისთვის გამოყოფილი საწვავი, რომლითაც ამ ავტომობილებს არ უსარგებლიათ. მინისტრის სარგო ავტომობილზე საწვავის მიღება ულიმიტოა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები