ენერგეტიკა

ახალი ჰესების მშენებლობის ტემპი მოთხოვნის ზრდას ვერ პასუხობს

0 კომენტარი
ფოტო: flickr.com/photos/ebrd

საქართველოში ახალი ელექტროსადგურების მშენებლობის ტემპი მოთხოვნის ზრდას ვერ პასუხობს. გასული ხუთი წლის მანძილზე ელექტროენერგიის გამომუშავება 23%-ით, მოთხოვნა კი 27%-ით გაიზარდა. 2012 წლის შემდეგ ელექტროენერგიის გამომუშავების ზრდის ტემპი შემცირდა და მას მოხმარების ზრდის ტემპმა გადააჭარბა.

საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის 80% ჰესებზე მოდის, 20%-ს კი თბოსადგურები იმპორტირებული საწვავის (ბუნებრივი აირის) წვის შედეგად იღებენ. მთლიან გამომუშავებაში ენგურჰესსა და ვარდნილის კასკადს 38% უჭირავს, დანარჩენი წილი კი სხვა ჰესებზე მოდის.

გასული 5 წლის მანძილზე ქვეყანას 8 მცირე და საშუალო ზომის ჰესი შეემატა, რომელთა მთლიანი გამომუშავება 0.7 ტერავატია. თუმცა მთავრობის მიერ კერძო კომპანიებთან გაფორმებული მემორანდუმების მიხედვით ძალაში შესული სადგურების სიმძლავრე 2.5-ჯერ მეტი უნდა ყოფილიყო.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლამდე განსაზღვრულია 22 ახალი ჰესის მშენებლობის დაწყება, რომელთა მთლიანი დადგმული სიმძლავრეც 1.550  მეგავატია. 2020 წლამდე უნდა დაიწყოს 720 მეგავატიანი ხუდონჰესის მშენებლობაც, თუმცა პროექტის მშენებლობის დაწყება სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის გამო რამდენჯერმე გადაიდო.

ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან არის დაკავშირებული. შენელებული ეკონომიკური ზრდის მიუხედავად ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ზრდას განაგრძობს, რის დასაკმაყოფილებლადაც საქართველოში ან ახალი ელექტროსადგურები უნდა აშენდეს ან დენის იმპორტი უნდა გაიზარდოს.

2010 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო ელექტროენერგიაზე მოთხოვნა 10%-ზე მეტად გაიზარდა, ასევე 10%-ზე მეტად გაიზარდა მოთხოვნა 2011 წელსაც. 2012-2015 წლებში კი მოთხოვნის ზრდამ საშუალოდ 3% შეადგინა.

2014 წელს საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის, ესკოს მონაცემებით, ქვეყანაში გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობამ 10.4 ტერავატი შეადგინა, მოთხოვნა კი 10.2 ტერავატამდე გაიზარდა. მოთხოვნის შემდგომი ზრდის პირობებში ქვეყანაში ელექტროენერგიის ფასების სტაბილურობას შესაძლოა საფრთხე შეექმნას, რადგანაც თუკი ახალი სადგურების მშენებლობის ტემპი არ გაიზარდა მოთხოვნა შედარებით ძვირადღირებულ იმპორტზე გაიზრდება, რაც დენის ტარიფებს გაზრდის.

2015 წელს პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, ენერგეტიკაში ჩადებული ინვესტიციების (FDI) მოცულობამ $20 მილიონი შეადგინა, რაც 2014 წელს არსებულ $102 მილიონთან შედარებით 80%-ით ნაკლებია. საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ჩადებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა უკვე მეხუთე კვარტალია მცირდება.

ენერგეტიკაში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ისეთი მსხვილი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე, როგორიცაა ნენსკრის ჰიდროელექტროსადგური და ხუდონჰესი. ორივე პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა $2 მილიარდს შეადგენს. ჰიდროენერგეტიკულ პროექტებთან ერთად დაგეგმილია რამდენიმე თბოელექტროსადგურის მშენებლობაც, მათ შორის ერთ-ერთი პროექტის მიხედვით, 150 მეგავატიანი თბოსადგური საწვავად საქართველოში მოპოვებულ ქვანახშირს გამოიყენებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები