შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს: დაკავებულმა ქემოკლიძემ თვითდაზიანებები მიიყენა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცივი იარაღის ტარებისთვის ქუთაისში დაკავებულმა შოთა ქემოკლიძემ თვითდაზიანებები მიიყენა. უწყების მტკიცებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მას სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს, სიცრუეა.

"იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2015 წლის 22 ნოემბერს, ცივი იარაღის ტარების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 238-ე პრიმა მუხლი) დააკავეს წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი - ორჯერ ქურდობისთვის, ერთხელ ძარცვისთვის და ასევე, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის არაერთხელ დაჯარიმებული და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შოთა ქ. სამართვალდამცველებმა ბრალდებული დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. დაკავებულმა იზოლატორში შეყვანის შემდეგ სხეულზე ნაკაწრების სახით თვითდაზიანება მიიყენა. ასევე, მან სამართალდამცველებს განუცხადა, რომ პირის ღრუში დამალული ჰქონდა ე.წ. „ბრიტვის" ნატეხი, რომელიც გადაყლაპა. აღნიშნულ ფაქტზე მოხდა შესაბამისი რეაგირება, სამართალდამცველებმა ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და დაკავებული ბადრაგის თანხლებით სტაციონარში გადაიყვანეს. წინასწარი სამედიცინო გამოკვლევით დადგინდა, რომ შოთა ქ-ს არ ჰქონდა არანაირი საგანი გადაყლაპული, ხოლო დამატებით საჭირო გამოკვლევებზე, მან უარი განაცხადა, რის შემდეგაც შოთა ქ. სტაციონარიდან გაეწერა. ბრალდებული ამ დროისთვის მოთავსებულია წინასწარი დაკავების იზოლატორში. ის 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. საჭიროების შემთხვევაში, მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწევა. შოთა ქ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - აცხადებს შსს.

კომენტარები