თურქეთი-რუსეთი

რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებაზე NATO-ში სპეციალური სხდომა გაიმართება

რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით, NATO აცხადებს, რომ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და თურქეთის ხელისუფლებასთან მუდმივ კავშირშია. როგორც ცნობილია, თურქეთი ალიანსის წევრია. BBC-ის ინფორმაციით, თბილისის დროით, 20:00 საათზე ბრიუსელში ელჩების სპეციალური სხდომა გაიმართება. AFP-ის ცნობით, სხდომაზე თურქული მხარე მოკავშირეებს ინციდენტის შესახებ სრულ ინფორმაციას მიაწვდის.

დღეს თურქეთმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი SU-24 ჩამოაგდო. ანკარის განცხადებით, თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. თურქული მედიის ცნობით, ამის შესახებ პილოტებს ჩამოგდებამდე რამდენჯერმე შეატყობინეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი საზღვრის დარღვევას უარყოფს. უწყების ცნობით, პილოტებმა ბორტის დატოვება წარმატებით შეძლეს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის თქმით, შემთხვევა "ძალიან სერიოზულია", თუმცა, წინასწარი დასკვნებისგან თავს შეიკავებს.

კომენტარები