აქციზის გადასახადი

ცისკარიშვილი: სიგარეტის აქციზზე გადასახადის მომატებას მხარს არ დავუჭერთ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილის ინფორმაციით, პარტია სიგარეტის აქციზზე გადასახადის მომატებას მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, აქციზზე გადასახადის ზრდის მიზანი ბიუჯეტში თანხების მობილიზებაა.

"ცხადია, ჩვენ ამ ცვლილებას მხარს არ დავუჭერთ რამდენიმე პრინციპული მოსაზრების გამო. პირველ რიგში, უნდა ავღნიშნო, რომ ეს ცვლილებები მწეველი ან ალკოჰოლის მომხმარებელი ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვით არაა გამოწვეული. მიზანი, რის გამოც აქციზზე გადასახადი იზრდება, ბიუჯეტში თანხების მობილიზებაა და ეს ყველასთვის გასაგებია, წელს მეორედ ხდება სიგარეტზე აქციზის გაზრდა. ეს გამოიწვევს შემდეგს - სიგარეტის მომხმარებლები იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ ამ პროდუქტზე მოთხოვნა არის არაელასტიური, ანუ ფასი თუ გაიზრდება, მოთხოვნა არ დაეცემა, ხალხის ჯიბიდან ბიუჯეტის სასარგებლოდ მეტი ფული ამოვა და ისედაც ძალიან დაბლა დაცემული მსყიდველუნარიანობა, კიდევ უფრო დაეცემა.

თუ ჯანმრთელობაზე ზრუნვა გვინდა, დახურულ სივრცეში მოწევა ავკრძალოთ, მაგრამ თუ გადასახადების დამატებით მობილიზება გვინდა ეკონომიკური მსყიდველუნარიანობის დაქვეითების ხარჯზე, ესეც უნდა ითქვას.

როდესაც ეკონომიკას უჭირს, მთავრობის პირველი რეფლექსი ესაა - მიადგეს კერძო სექტორს და ამოიღოს რაც შეიძლება, მეტი გადასახადი. სწორედ ამასთან გვაქვს დღეს საქმე. მომავალში სხვა გადასახადებიც გაიზრდება, რაც ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო დაამძიმებს", - თქვა ცისკარიშვილმა პარლამენტში.

კომენტარები