wordpress.com-ზე რეგისტრირებული ე.წ. ხალიფატის ვებგვერდები კვლავ მუშაობს

Wordpress.com-ზე რეგისტრირებული ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ვებგვერდები კვლავ მუშაობს. საიტები დაბლოკილი იყო.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებდნენ, სუს-მა დაწყებული გამოძიების ფარგლებში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული საიტები დაბლოკა.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ საიტებზე შესვლა მხოლოდ საქართველოდან იყო შეუძლებელი. თუმცა, მინიმალური კომპიუტერული ცოდნის მომხმარებლებს ამ საიტებზე შესვლა proxy-ს საშუალებით საქართველოდანაც შეეძლოთ.

ამასთან, დაიბლოკა არა მხოლოდ ეს კონკრეტული საიტები, არამედ wordpress.com-ის უფასო ჰოსტინგზე რეგისტრირებული ყველა საიტი. შეზღუდვის მოხსნა, სავარაუდოდ, ამას უკავშირდება, რადგან wordpress.com-ზე მომხმარებლებს ბლოგები და სხვა სახის უამრავი ვებგვერდი აქვთ გაკეთებული. ზოგიერთი მომხმარებელი ყველა საიტის დაბლოკვას "სიტყვის თავისუფლების აშკარა და უაზრო შეზღუდვას" უწოდებდა.

ჯერჯერობით, უცნობია, როდის დაიბლოკება ე.წ. ხალიფატის ვებგვერდები. ტაბულა სუს-თან დაკავშირებას ცდილობს.

კომენტარები