პროკურატურის რეფორმა

NGO-ები: მთავარი პროკურორის კანდიდატურების შერჩევის პროცესი არ იყო გამჭვირვალე

საქართველოს პარლამენტი

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატურის განხილვისას მხედველობაში მიიღონ მთელი რიგი ხარვეზები, რაც თან ახლდა კანდიდატურის ნომინირებისა და შერჩევის პროცესს. NGO-ების შეფასებით, პარლამენტმა უნდა გაიაზროს ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაც მათ მიერ მისაღებ გადაწყვეტილებას უკავშირდება. მათივე აზრით, მნიშვნელოვანია, პარლამენტმა ამ ფაქტით მიღებული გამოცდილების საფუძველზე დაგეგმოს და უზრუნველყოს პროკურატურის სისტემის რეალური რეფორმის გატარება და პროკურატურის სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად საჭირო ნაბიჯების გადადგმა. 

"ნებისმიერი რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია რეფორმის მიმართ საზოგადოების ფართო მხარდაჭერა და ნდობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. პროკურატურის რეფორმის პროცესმა, როგორც საკანონმდებლო დონეზე არაეფექტურმა რეფორმამ, ისე რეფორმის პრაქტიკაში იმპლემენტაციისას დაშვებულმა ხარვეზებმა, მნიშვნელოვანი ჩრდილი მიაყენა რეფორმის წარმატებას და ამ პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის გაჩენას", - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის თავიდანვე უარყოფითად შეაფასა როგორც პროკურატურის რეფორმის კონცეფცია, ისე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, რადგან მათი შეფასებით, რეფორმა ვერ უზრუნველყოფდა პროკურატურის სისტემის დეპოლიტიზებასა და დამოუკიდებლობას.

"რეფორმის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული შენიშვნები არ იქნა გათვალისწინებული, ხოლო ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მხოლოდ ფრაგმენტულად აისახა კანონპროექტში, რაც არ იყო საკმარისი საკანონმდებლო დონეზე პროკურატურის სისტემის რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. კოალიციის შეფასებით, მნიშვნელოვანი ხარვეზებით წარიმართა ასევე ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში იმპლემენტაციის პროცესი. კერძოდ, პროკურორთა კონფერენციის მიერ საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევის და საპროკურორო საბჭოს მიერ მთავარი პროკურორის კანდიდატურების შერჩევის პროცესი არ იყო ღია და გამჭვირვალე, რამაც გააჩინა კითხვები მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, იმის გამო, რომ კანონით არ იქნა გათვალისწინებული საპროკურორო საბჭოს რეალური დამოუკიდებლობის გარანტიები პროცესის დაწყებისთანავე, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილმა დეპუტატებმა უარი განაცხადეს კანონით გათვალისწინებული მათთვის განკუთვნილი კვოტის (საბჭოს ერთი წევრის) გამოყენებაზე, რამაც საპროკურორო საბჭოს წარმომადგენლობითობის ხარისხი მნიშვნელოვნად დააკნინა. მთავარი პროკურორობის კანდიდატების დასახელებაზე უარი განაცხადა არაერთმა არასამთვრობო ორგანიზაციამაც. ორგანიზაციების ასეთი პოზიცია განპირობებული იყო მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის არასწორი საკანონმდებლო რეგულირებით და მთელი რიგი ხარვეზებით, რაც აზრს უკარგავდა პროცესში მონაწილეობას.

პროცესის თითოეულ ეტაპზე გამოვლენილმა ხარვეზებმა მნიშვნელოვანი ჩრდილი მიაყენა საპროკურორო საბჭოს წევრთა ღია და თავისუფალ გარემოში არჩევის პროცესს და შესაბამისად - საბჭოს ლეგიტიმურობასაც", - აცხადებენ NGO-ები.

არასამთავრობოები ასევე აღნიშნავენ, რომ საპროკურორო საბჭოს სხდომების დახურულ ვითარებაში ჩატარება წინააღმდეგობაში მოდის კოლეგიური ორგანოს სხდომების საჯაროობის კანონით დადგენილ პრინციპთან, რაც გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლით. 

"19 ნოემბერს გამართული საპროკურორო საბჭოს სხდომის მხოლოდ ის ნაწილი გაიხსნა, რომელზეც ჩატარდა მთავარი პროკურორის კანდიდატების ფარული კენჭისყრის პროცედურა. ხოლო, საპროკურორო საბჭოს მიერ მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაკვირვების მიღმა დარჩა. უნდა ითქვას, რომ საბჭოს სხდომების დახურულობას ითვალისწინებს საბჭოს დებულება, რომელიც იუსტიციის მინისტრის ბრძანებითაა დამტკიცებული. საჯაროობის პრინციპის დარღვევა წინააღმდეგობაში მოდის თავად რეფორმის დეკლარირებულ მიზანთან: მთავარი პროკურორის არჩევის ახალი წესის დადგენას, დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანოს, საპროკურორო საბჭოს შექმნას და საპროკურორო საბჭოსთვის მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობის ფუნქციის მინიჭებას შედეგად უნდა მოჰყოლოდა მთავარი პროკურორის ღია და გამჭვირვალე პროცედურებით შერჩევა და ამ გზით მთავარი პროკურორის არჩევის პროცესის დეპოლიტიზება. ამ არგუმენტების გათვალისწინებით და ასევე საკითხის მნიშვნელობიდან და ამ საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაუმართლებლად მიგვაჩნია მთავარი პროკურორის არჩევის პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპები საზოგადოებისათვის დახურული იყოს. დამატებით უნდა ითქვას, რომ საზოგადოებაში არსებობს კითხვები ერთი მხრივ, პროკურატურის აქამდე განხორციელებული საქმიანობის ეფექტურობასთან, მეორე მხრივ კი - პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით. დღემდე არ განხორციელებულა ეფექტური სამართლებრივი რეაგირება და არ დამდგარა შედეგი არაერთ გახმაურებულ საქმეზე. ამავე დროს, რიგ საქმეებში ასევე ჩნდება ეჭვები შერჩევით მართლმსაჯულებაზე, რაც მათ შორის, პროკურატურის სისტემის მოქმედი მენეჯმენტის პასუხისმგებლობაა", - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ადამიანის უფლებების ცენტრი, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო" (OSGF), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).

კომენტარები