საქორწინო ასაკი

კანონპროექტით, 16 წელს მიღწეულებს ქორწინების უფლებას მხოლოდ სასამართლო მისცემს

საქართველოს პარლამენტი

გუშინ საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი საქორწინო ასაკის შეზღუდვის შესახებ. ცვლილების თანახმად, 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით და ისეთი მიზეზის არსებობისას, როგორსაც წარმოადგენს ორსულობა და ბავშვის დაბადება. განმარტებით ბარათში წერია, რომ კანონპროექტის მიზანია, საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე ხელი შეეწყოს 16-დან 18-წლამდე არასრულწლოვან პირთა არასასურველ და იძულებით ქორწინებათა პრევენციას, რასაც ხშირად ადგილი აქვს მშობლების მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.

"ადრეულ ასაკში ქორწინება საქართველოში კვლავ დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს და განსაკუთრებით შემაშფოთებელია მშობელთა მხრიდან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების იძულებითი ქორწინების შემთხვევები", - ნათქვამია განმარტებით ბარათში. 

კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტში. ასევე, ხდება იმ საფუძვლის დაკონკრეტება, რა შემთხვევაშიც სასამართლოს ექნება ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღების კომპეტენცია.

"შესაბამისად, 16 წელს მიღწეულ არასრულწლოვან პირებთან მიმართებით მშობლებსა და მზრუნველებს აღარ ექნებათ ქორწინებაზე თანხმობის გაცემის უფლებამოსილება. ამავდროულად, ცვლილებით კონკრეტდება 16 წელს მიღწეულ არასრულწლოვან პირთა ქორწინების მიზეზი და
ერთადერთ პატივსადებ საფუძვლად განისაზღვრება გოგონების შემთხვევაში ორსულობა, ხოლო ბიჭების შემთხვევაში ბავშვის დაბადება", - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, "გამონაკლის შემთხვევებში თექვსმეტი წლის ასაკიდან დაქორწინება დაიშვება მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების წინასწარი წერილობითი თანხმობით", რაც იცვლება შემდეგნაირად - "16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება სასამართლოს თანხმობით ისეთი პატივსადები მიზეზის არსებობისას, როგორსაც წარმოადგენს ორსულობა და ბავშვის დაბადება".

კომენტარები