ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბოკერია: დიდხანს ვიყავით ზედმეტად ძლიერები, ახლა ეს შეუძლებელი იქნება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში უპასუხა ავტორის კითხვას - როგორ აპირებს გაუმკლავდეს მისი პოლიტიკური გუნდი შიშს, რომ მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში ბიზნესმენები აღმოჩნდებიან კვლავ ძლიერი სახელმწიფო სისტემის წინაშე, რომელთან მოგებაც მათ გაუჭირდებათ, მათ შორის, სასამართლოში.

"ვთვლი, რომ ეს არის ლეგიტიმური კრიტიკა, შეიძლება ზოგჯერ გადაჭარბებული, მაგრამ ლეგიტიმური. ვარდების რევოლუცია ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან პოზიტიური მოვლენა იყო საქართველოს ისტორიაში. ჩემი აზრით, ამ მოვლენით ქართველმა ხალხმა გადაარჩინა ქვეყანა ოცდაათწლიან უფსკრულში ჩავარდნას. მაგრამ მაინც, ეს იყო რევოლუცია, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო მშვიდობიანი, მაინც არანორმალური მოვლენა იყო და მას მოჰყვა ერთი პოლიტიკური ჯგუფის გამარჯვება. იქ ორი პოლიტიკური ძალა იყო - ერთი ავანგარდში, მეორე ნაკლებად, მაგრამ მაინც, ერთი პოლიტიკური ჯგუფი იყო და შემდეგ სრული გაერთიანება მოხდა ნაციონალურ მოძრაობასა და მაშინდელ გაერთიანებულ დემოკრატებს შორის.

ხელისუფლება, რომელიც დამარცხდა ამ არჩევნებში და რომელმაც სცადა არჩევნების გაყალბება და მისი მოკავშირე, ასლან აბაშიძე, ადგილობრივი რუსი ოლიგარქი-დიქტატორი პოლიტიკურად განადგურდნენ. სხვა პოლიტიკურმა ძალებმაც პოლიტიკური სუიციდი ჩაიდინეს. მათი მხარდამჭერი ვთქვათ, ასეთი იყო ლეიბორისტული ძალა, ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ მისმა ლიდერმაც იგივე ბედი გაიზიარა. ისინი პოლიტიკურად განადგურდნენ, ეს იყო კარგი სწრაფი რეფორმებისთვის, მაგრამ ცუდი იმისთვის, რასაც შემაკავებელი ეფექტი ჰქვია. ამან მოგვცა ის რისკები, რაც გვქონდა და ამის შემდეგ, შემდეგი წლების განმავლობაში იმ ოპოზიციის მცდელობები, რომელიც უნდა გაზრდილიყო იმიტომ, რომ დროის გასვლასთან ერთად ხელისუფლების რეიტინგი ყველა ვარიანტში კლებულობს, (არა ისე დრამატულად, როგორც ახლა ხდება ივანიშვილის შემთხვევაში, მაგრამ მაინც) მაგრამ იქ იყო კიდევ ერთი, წინა ოლიგარქი, რომელმაც ძალიან ცუდი როლი ითამაშა ძლიერი ოპოზიციის ჩამოყალიბების და ჯანსაღი პოლიტიკური ურთიერთობების ჩამოყალიბების თვლასაზრისით. მოწამლა ეს ვითარება და ამანაც განაპირობა ის, რომ ჩვენ ზედმეტად ძლიერები ვიყავით ძალიან დიდხანს და ამას ჰქონდა თავისი ფასი. მათ შორის ის, რაზეც თქვენ საუბრობდით, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო რეფორმა ალბათ მაინც ყველა სხვა რეფორმასთან შედარებით, წარუმატებელი იყო. ამის გათვალისწინებით ეს საფრთხე შეიქმნა, მაგრამ რატომ შეიქმნა, რა შეიცვლება ახლა?

ჯერ ერთი ისეთი მანდატი, რაც რევოლუციის შემდეგ გვქონდა, შეუძლებელია, ახლა ვინმეს ჰქონდეს. პირიქით, ალბათობა არსებობს, რომ საერთოდ ძალიან რთული და არასასიამოვნო კოალიციების აუცილებლობა დადგეს, განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს შორის (ბუნებრივია, იმ ძალებს შორის, რომლებიც პუტინის ორბიტაზე არ ტრიალებენ ან ივანიშვილის ორბიტაზე). უკვე ეს არის განსხვავება, თუმცა, რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, მთავარი გზავნილი, რაზეც უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს ამბავი მივიტანოთ, არის იმ შემოთავაზებებში, რომელიც ჩვენ გვაქვს იმ გეგმაში და პროგრამაში, რაც ვთქვით. ანუ, ვინმეს ნდობაზე ან პერსონებზე კი არ უნდა იყოს ლაპარაკი, არამედ ინსტიტუციონალური მოწყობა ფუნდამენტურად უნდა ამცირებდეს ნებისმიერ რისკს და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ინიციატივა არის დეკრიმინალიზაცია საერთოდ ეკონომიკური დანაშაულის, წინასწარი პატიმრობის გაუქმება ეკონომიკურ დანაშაულზე და მსუბუქ დანაშაულებზეც კი.

ასევე დიდი ოდენობების ქვემოთ, ვთქვათ, 500 000-ზე ნაკლებზე და საერთოდ, სისხლის სამართლებრივ დევნაზე უარის თქმა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოება, რაც ჩვენ დავიწყეთ, მაგრამ ნელა ვაკეთებდით და ასევე ძალიან კონტროვერსიალური გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ პროგრამაში არის, იმის აღიარებით, რომ ჩვენ დავკარგეთ ბევრი დრო დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ტრადიციის შექმნის თვალსაზრისით, რომ უცხოელი მოსამართლეები მოვიწვიოთ, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს დონეზე. ბევრი სხვა ნაბიჯია იქ, გამჭვირვალობა პრეცედენტების და წინასწარ წარდგინება, რითაც ჩვენ სწორედ იმის დემონსტრირებას ვახდენთ, რომ ამომრჩევლის დაკვეთა იმ მნიშვნელოვან შეცდომებთან დაკავშირებით, რომლებიც დავუშვით, ამ თვალსაზრისით მიღებული გვაქვს და ვმუშაობთ სწორედ იმაზე, რომ სისტემამ ეს გამორიცხოს, გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ეს პოლიტიკურად შეგნებული", - განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები