ვიზალიბერალიზაცია

ბოკერია: ენმ-ს პოზიციაა, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს უვიზო მიმოსვლას

გიგა ბოკერია
tabula.ge

ენმ-ს საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, გიგა ბოკერიამ, ტაბულას გადაცემა თეორემაში სტუმრობისას, მთავრობის ბრალდებას, რომ მისი პოლიტიკური გუნდი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ვიზალიბერალიზაციის პროცესს ეწინააღმდეგება, ტყუილი უწოდა.

"ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან უცნაური მატყუარაა, ანუ, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ წამში დახვდება წინ მისი ტყუილი. ეს მარტო მას არ ახასიათებს, ეს მთელი ხელისუფლების და ივანიშვილის სახეა, მაგრამ ის, მაინც ლიდერია ამ თვალსაზრისით, როგორც წულუკიანი ლიდერი სასტიკი სისულელეების თქმაში, ასევე ბატონი ღარიბაშვილი არის ლიდერი ასეთი ავტომატურად გამჭირვალე ტყუილების თქმაში. მან თქვა, რომ ჩვენ დავიწყეთ ეს [ვიზალიბერალიზაციის] პროცესიო, ამ დროს ყველამ იცის, რომ ეს პროცესი დაიწყო წინა ხელისუფლების დროს და პოლიტიკურად გადაწყვეტილება, საქართველოს ამ ორბიტაზე მოხვედრისა, ასოცირების ხელშეკრულების ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ, მოხდა 2011 წელს ვარშავის სამიტზე. ამის შემდეგ, შესასრულებელი იყო მხოლოდ ტექნიკური სამუშაო, თუმცა სერიოზული ტექნიკური სამუშაო. აქ იქნა დაშვებული პირველი დანაშაულებრივი უნიათობა და არაკომპეტენტურობა.

მათ გაწელეს ეს პროცესი, გეგმა იყო ამ პროცესის დასრულებისა, ძალიან მოკლე პერიოდში - 2012 წლის ბოლოდან, მაქსიმუმ 2014 წლის დასაწყისში ეს ყველაფერი უნდა მორჩენილიყო. ანუ, ჩვენი მხარის გასატარებელი სამუშაო. საკანონმდებლო ნაწილიც კი გაწელეს 6 თვის მაგივრად წელიწადზე მეტ დროს და დაგვაკარგვინეს მომენტი, როცა ამის გაკეთება ყველაზე უფრო ადვილი იყო, მოლდოვის გადაწყვეტილებიდან, ცოტა ხნის შემდეგ. ამის შემდეგ, უკვე მსოფლიოში მოხდა ის პროცესები, რომლებიც მართლაც გარკვეულ რისკებს უქმნის პროცესს, იმიტომ, რომ შეიქმნა ის ვითარება, როდესაც ზოგადი შიშები არსებობს დიდ [ემიგრანტების] ნაკადთან დაკავშირებით და უკვე აქ იწყება მეორე პრობლემა. თვითონ გადადგეს ის ნაბიჯები, რომლებიც ფუნდამეტურად არაევროპულია და აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში გამოიწვევს რეაქციას, რომელსაც ვხედავთ. დაწყებული რუსთავი 2-ის ამბით, პოლიტიკური ოპონენტების დევნით, ძალადობით და თავდასხმებით დასავლურ ინსტიტუტებზე. რაც მთავარია, ამ ხალხს მართლა ჰგონია, რომ შეიძლება ვიღაცა მოატყუოს ან ოპოზიციამ ან ხელისუფლებამ თავისუფალ სამყაროში, ასეთ ფუნდამენტურ საკითხზე, შეიძლება ვიღაც ერთი ადამიანი დასავლეთში არ ფლობდეს სრულფასოვან ინფორმაციას, ან ჰქონდეს ურთიერთობა რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან და ამიტომ რაღაც მიკერძოებული აზრი ჰქონდეს, მაგრამ ჯამში, აბსოლუტურად შეუძლებელია, დაიმალოს ის, რაც ხდება ქვეყნის შიგნით.

აქედან მოდის ჩვენი პრობლემები, ამიტომ თვითონ უნდა თქვან უარი ამ ნაბიჯებზე და მიხედონ საქმეს. ჯერ კიდევ არის ძალიან მაღალი შანსი, რომ ჩვენ უვიზო მიმოსვლა მივიღოთ, მაგრამ ეს არც არის საბოლოო ამოცანა, ჩვენი საბოლოო ამოცანა არის ევროკავშირში გაწევრიანება და ჩვენი მთავრობა ამაზე უნდა მუშაობდეს, იმის მაგივრად, რომ კუდიანებს დასდევდეს და ასეთ ბრიყვულ განცხადებებს აკეთებდნენ. ჩვენი პოზიცია არის, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს უვიზო მიმოსვლას და ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ამის მიღება, მაგრამ მთავარი პრობლემა, სამწუხაროდ, რუსეთის გარდა, ქვეყნის გარეთ, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის, მათ შორის უვიზო მიმოსვლის გზაზე, არის ჩვენი მთავრობა. იმიტომ, რომ თუ იქნება კლიშე, რომ აქ პოლიტიკური შიში ღრმავდება და კრმინალი იზრდება, ავტომატურად ხდება კონტრიბუცია იმ არგუმენტების, რომ მაგალითად, აქედან ჩამოვა ხალხი და მოითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს", - განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები